ახალი ამბები

უმცირესობა: მოსმენების კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეწინააღმდეგება

10 თებერვალი, 2017 • 7555
უმცირესობა: მოსმენების კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეწინააღმდეგება

საპარლამენტო უმცირესობამ მიიჩნევს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ეწინააღმდეგება.

“ამ პროექტით საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქმნება სუს-ის  შემადგენლობაში. სუს-ს კი საგამოძიებო ფუნქცია აქვს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ახლა ცდილობენ შემოგვასაღონ ეს, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი” – ამბობს ოთარ კახიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

იმავე აზრზეა უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გიორგი ტუღუში. მისი თქმით, ეს პროექტი რეალურად არაფერს ცვლის:

“ეს მოდელი არაფერს შეესაბამება. რეალურად, იგივე მოცემულობაში გვტოვებს, რაც ახლა გვაქვს. უმრავლესობა და ხელისუფლება ცდილობენ შექმნან განცდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს კანონპროექტი ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ დღეს სუს-ში არსებულ ტექნიკურ სამსახურს სახელი გადაარქვა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაარქვა.”

დეპუტატის აზრით, ცვლილებების პაკეტით დამოუკიდებლობის გარანტიები უზრუნველყოფილი არ არის:

“სუს-ის ხელმძღვანელი ნიშნავს უფროსს,მოადგილეებსაც და ა.შ. კონტროლის მექანიზმები სუსტი და არაადეკვატურია.  აქედან გამომდინარე, რეალობა არ შეიცვლება, თუმცა მივიღებთ ახალ ერთეულს, რომელშიც ბევრ საბიუჯეტო ფულს გადავყრით,” – აღნიშნავს ტუღუში.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მიიჩნევს, ,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის  რეალური დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ არის.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები.

მასალების გადაბეჭდვის წესი