ახალი ამბები

ბავშვების და ქალების პრობლემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ომბუდსმენის რეკომენდაციები

10 თებერვალი, 2017 • 44656
ბავშვების და ქალების პრობლემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ომბუდსმენის რეკომენდაციები

საქართველოს სახალხო დამცველმა შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიხედვით:

[checklist]

  • ადამიანების უფლებების, განსაკუთრებით, კი  ბავშვების უფლებების საკითხები არ დააკავშირონ პოლიტიკურ  სტატუსთან.
  • სასწრაფო დახმარების მანქანებს საზღვარზე შეუფერხებლად შეეძლოთ გადაადგილება.
  • არასრულწლოვნების დაპატიმრებები და პაციენტების დაყოვნება საზღვარზე უნდა შეწყდეს. ეს საკითხი უნდა განიხილონ მოლაპარაკებებზე.
  • მთავრობა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს.
  • საჭიროა რომ განათლების სამინისტრომ გააუმჯობესოს მუშაობა გალის რაიონში საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის ფინანსური და მატერიალური დახმარებისათვის.
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე საავადმყოფოში უნდა შეიქმნას ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება, ხოლო ზუგდიდში უნდა შეიქმნას თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის.
  • უნდა შეიმუშაოს პროექტები იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს შეეძლოთ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
  • ხელი შეუწყოს ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში ქალების მონაწილეობის გაზრდას ხელი უნდა შეუწყოს.

[/checklist]

აღნიშნული რეკომენდაციები საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს, 10 თებერვალს, წარადგინა სპეციალურ ანგარიშთან ერთად, რომელშიც მიმოხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და ბავშვების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა.

ანგარიშის მიხედვით, რთული მდგომარეობაა ქალების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში კი კიდევ უფრო რთული. გალის რაიონში ოჯახში ძალადობის შემთხვევებიდან 5 მკვლელობით დასრულდა, ხოლო ერთი მსხვერპლი გაუჩინარდა.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია”ავანგარდის” მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონში ოჯახში ძალადობის 75 შემთხვევა დაფიქსირდა.

აფხაზეთში ვერ მიიღეს ოჯახში ძალადობის შესახებ კანონპროექტი. ასევე, კვლევაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ გამოკითხა ქალები, სადაც 60-მა ქალმა ისაუბრა ქალების მიმართ ძალადობის არსებობაზე, ხოლო პოლიციის მიმართ ნდობა დაბალია.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, აქ ძალიან მცირეა ქალთა საკითხებზე მომუშავე აქტივისტების რაოდენობა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უჭირთ მუშაობა. ომბუდსმენმა მოიყვანა მაგალითად ერთ-ერთი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მდგომარეობა, რომლის შესახებაც მისი ტქმით, ინფორმირებული იყვნენ სამხრეთ ოსეთის არალეგიტიმური უწყებები, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადრეული ქორწინება და “ღირსების მკვლელობების” კონკრეტული ფაქტების არსებობის შესახებაც ასევე ვრცელდება ინფორმაცია.

რაც შეეხება ბავშვების უფლებებს, არც სამხრეთ ოსეთში და არც აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, თუმცა იქ მცხოვრებ ბავშვებს  არ მიუწვდებათ ხელი განათლებისა და ჯანდაცვის შესაფერის მომსახურებაზე.

ანგარიშში ნახსენებია, რომ აფხაზეთში ასევე დიდია შეშფოთება ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამო. გალის რაიონში რეანიმაციული განყოფილების არქონა სახალხო დამცველმა პრობლემად მიიჩნია. ხოლო სერიოზული დაავადებების შემთხვევაში რუსეთის ან საქართველოს ტერიტორიაზე ამჯობინებენ მკურნალობას.

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირველი სპეციალური ანგარიში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხება. მისი თქმით, ქალები და ბავშვები ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებია.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს საერთაშორისო ფორმატები: ჟენევის მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, ასევე კონკრეტული ორმხრივი მოლაპარაკებები იმისათვის, რათა კონკრეტული პრობლემები გადაწყვიტოს.

სახალხო დამცველის მრჩეველი მედეა ტურაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემებია ბავშვებისა და ქალების უფლებების კუთხით: აღსანიშნავია ბავშვთა სიღარიბე, მსხვერპლთათვის დახმარების სერვისების არასაკმარისი რაოდენობა, საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობასა და ხარისხიან განათლებასთან დაკავშირებით.

თუმცა, მედეა ტურაშვილის თქმით, არის განსხვავებაც – საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული პოლიტიკა აქვს შემუშავებული ამ პრობლემების გამკლავებასთან დაკავშირებით.

“შეიძლება სრული მასშტაბით არ ხორციელდებოდეს, მაგრამ არსებობს გარკვეული პრობლემები და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები არსებობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს მექანიზმებიც არ არსებობს და დეფაქტო ხელისუფლებებს არანაირი პოლიტიკა არა აქვს, როგორ შეიძლება დაიცვან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ადამიანი,” – ამბობს მედეა ტურაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი