ახალი ამბები

GPB: საზოგადოებრივ მაუწყებელში აქციის შეჭრა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაა

10 თებერვალი, 2017 • 2610
GPB: საზოგადოებრივ მაუწყებელში აქციის შეჭრა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო აცხადებს, რომ 9 თებერვალს გამართული აქციის მონაწილეების შეჭრა ოფისში არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეში ხელყოფა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო აცხადებს, რომ მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შეიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში. 

“ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირება”, – წერია საბჭოს განცხადებაში.

საბჭოს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გააცნობიერონ მომხდარის მნიშვნელობა.

საბჭო მოუწოდებს პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს.

დღეს, 9 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყევბლის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილეები შევიდნენ მაუწყებლის ფოიეში და მოითხოვეს პირდაპირი ეთერი, რომლის დროსაც მოუწოდეს მოსახლეობას, რომ შეუერთდნენ 10 თებერვალს დაგეგმილ “რუსთავის აზოტის” ქარხნის მუშების მხარდამჭერ აქციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი