ახალი ამბები

სტუდენტების აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 30 წუთით პიკეტირებული ჰქონდათ

9 თებერვალი, 2017 • 2624
სტუდენტების აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა 30 წუთით პიკეტირებული ჰქონდათ

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეების ნაწილს მაუწყებლის შენობა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში პიკეტირებული ჰქონდა და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, რათა განცხადება გაეკეთებინათ.

ისინი მაუწყებლის ფოიეში შეიკრიბნენ და ელოდებოდნენ, როდის მისცემდნენ პირდაპირ ეთერს.

“ითხოვენ პირდაპირ ეთერს, რომ გაახმოვანონ ის პრობლემები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელშია. ამის პარალელურად აქცენტი უნდა გააკეთონ “რუსთავის აზოტის” ქარხნის შრომის პირობებთან, ეს სივრცე უნდა იქნას რადიკალურად დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ არავინ არ გვისმენს. შემოგდებული თემით, წინასწარ დატესტილი საზოგადოებრივი განწყობებით, ჩვენ ჩაგვაყენეს მძიმე მდგომარეობაში, სრულიად დაუცველები ვართ ამ ბრძოლის წინაშე, მედიაბრძოლის წინაშე,” – განაცხადა აქციის მონაწილე ირაკლი კუპრაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, გადაცემა “რეალური სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტები: ირაკლი ტაბლიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ეუბნებოდნენ აქციის მონაწილეებს, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ და შენობა დაეტოვეინათ, თუმცა აქვიის მონაწილეებმა შენობა მანამდე არ დატოვეს, სანამ პირდაპირი ეთერი არ მისცეს.

“ჩვენ შემოვედით ჩვენს ტელევიზიაში და ვითხოვთ ეთერს”, – განაცხადა აქციის მონაწილე ლევან ლორთქიფანიძემ.


საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ საშუალება მისცა, პირდაპირი ეთერით გაევრცელებინათ განცხადება 20-საათიან მოამბეში. განცხადების ტექსტი აქციის მონაწილე გიორგი სოფრომაძემ წაიკითხა და მოუწოდა მაყურებლებს, რომ ხვალ, 10 თებერვალს შეუერთდნენ აქციას რუსთავის აზოტის ქარხნის მუშების მხარდასაჭერად:

“ჩვენ შემოვედით საზოგადოებრივ მაუწყებელში და მოვითხოვეთ პირდაპირი ეთერი, რადგან სხვა გზა აღარ დაგვრჩა და სოციალური პრობლემები, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა საჭიროებს ფართო გაშუქებას და ფართო დისკუსიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, რომელშიც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების ხმის გაჟღერება. ამასთანავე მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი არის ძლიერი პროფკავშირი და ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. საზოგდოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ, თავისუფლებისათვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენს ბრძოლაში. დღევანდელ საქართველოში ნეოლიბერალური დღის წესრიგის მიღმა რჩება დაბალი ფენების ინტერესი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ქართულ დემოკრატიას. გასულ წელს დაფიქსირდა მშრომელთა ათობით გაფიცვა. ამ მომენტშიც დაანონსებულია რკინიგზის რეორგანიზაცია, სამსახურის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე არიან ბიბლუსში დასაქმებული ახალგაზრდები, სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად, “ფრესკოში” დასაქმებულები. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ და სხვა ქსელებში დამსაქმელები კაბალურ ექსპლუატაციას ეწევიან, სახელისუფლებო სტრუქტურები ემორჩილებიან ბიზნესს და არა ხალხს. სოციალური ბრძოლის ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად რუსთავზე გადის, 350 მუშა გათავისუფლებულია საწარმოდან. მათი ოჯახები უსახსრობისა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. ერთკვირიანი საპროტესტო  გამოსვლების მიუხედავად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე, სახელმწიფო იცავს ბანკების ინტერესებს და არაფრად აგდებს რიგით ადამიანთა ტკივილს. ჩვენ ვართ უმრავლესოსბა, მაგრამ ჩვენ ვართ ჩაგრული უმრავლესობა, ჩვენ ბევრი ვართ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ ერთიანი ძალა. ურთიერთთანადგომა და საერთო ძალების მობილიზება გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან, რომ გაატაროს საკუთარი ხალხის ინეტერესი და უპირველეს ყოვლისა მივმართავთ უშუალოდ მშრომელებს, მათ ოჯახებს, ყველას, ვის ზურგსაც ეს უთანასწორო სისტემა აწვება. მობილიზდით სამუშაო ადგილებზე, უბნებში, სამზარეულოებში, შეუერთდით საერთო ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და გააკეთეთ არჩევანი, ვის მხარეს ხართ თქვენ, მჩაგვრელების თუ თავისუფალი ადამიანების?”.

ამ განცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა დატოვეს “სოლიდარობა საზმაუს” სკანდირებით, შენობის გარეთ მცირე ხნით კიდევ გაგრძელდა აქცია, რომელიც დაახლოებით 20:30 საათზე დაიშალა.

სტუდენტურმა გაერთიანებებმა “მწვანე მუშტმა” და “აუდიტორია #115”-მა მსვლელობა მოაწყვეს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსიდან. ისინი მივიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც აქცია გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი