ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ომბუდსმენის ოფისიდან დათხოვნილი თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა

9 თებერვალი, 2017 • 3421
სააპელაციო სასამართლომ ომბუდსმენის ოფისიდან დათხოვნილი თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა

დღეს, 9 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დააკმაყოფილა ილია ჭანტურაიას სარჩელი საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ საქმეში.

ილია ჭანტურაია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 22 სექტემბერს სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება და დაითხოვეს დაკავებული თანამდებობიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადების თანახმად, სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის აპრილში ილია ჭანტურაიას მისცეს გაფრთხილება. აქტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ერთი წლით ადრე, 2015 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც მოსარჩელე დაინტერესდა სახალხო დამცველის მოადგილის მიერ ჩატარებული თათბირის შინაარსით და აღნიშნულის შესახებ კითხვები დაუსვა სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლებს. აღნიშნული შემთხვევა დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა ილია ჭანტურაიას მხრიდან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაციად. მეორე მხრივ, ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე გამოცემულ აქტში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას თანამშრომელთა გადამზადების მიზნით.

სასამართლოს ცნობით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიმართ მეორე დისციპლინური წარმოება თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა 2016 წლის ივლისში. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ჭანტურაიას მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევა. კერძოდ, 2016 წლის აპრილში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში და დისკრიმინაციის ფაქტის დასადასტურებლად წარადგინა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა პრემიების შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რაც დისციპლინური საქმის წარმოების კომისიის მიერ შეფასდა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევად.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ჭანტურაია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მოახდინა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაცია და მის მიერ საქმის წარმოების პროგრამაში შეცვლილი განცხადების გამო მედიასაშუალებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.

სახალხო დამცველი გამოეხმაურა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს და განაცხადა, რომ სისტემური ხარვეზების მიღმა ამ კონკრეტული საქმის განხილვისადმი სასამართლოს განსაკუთრებული მიდგომა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ სასამართლოებში საქმის განხილვა მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, რაც მინიმუმ ცალკეული მოსამართლეების მიუკერძოებლობის მიმართ ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს და ამ კონკრეტულ საქმეში არსებული დარღვევები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა ნათლად წარმოაჩენს იმ მანკიერ პრაქტიკასა და ხარვეზებს, რაც მთლიანად მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც არაერთი წელია საუბრობს სახალხო დამცველი, მათ შორის, საპარლამენტო ანგარიშებში.

ომბუდსმენი საუბრობს მოსამართლეებზე საქმის განაწილების წესზე. განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა, საუბარია იმის შესახებ, რომ სარჩელი მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიიღო, ხოლო განიხილა დავით წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველს არ მიაწოდა ინფორმაცია, საქმეთა რიგითობის წესების დაცვით, მოსამართლე დავით წერეთელზე ან/და დიანა ფარქოსაძეზე განაწილების შესახებ, აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენი იწუნებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყველების დასაბუთების ხარისხს. ომბუდსმენი საუბრობს იმის შესახებ, რომ სასამართლომ სხვისი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევასთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ არის უფლებამოსილი, დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა დარღვევა დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში, თუკი საქმე არ აქვს განხილული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ ფაქტიურად წაახალისა ის, რომ ილია ჭანტურაიამ დაქვემდებარებაში მყოფ პირს დაავალა, აპარატის ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამიდან რეგისტრირებული განცხადება წაეშალა და სხვა შინაარსის განცხადებით ჩაენაცვლებინა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის მიერ მიღებულ განჩინებას საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან, სახალხო დამცველმა განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეზე საქმის გადაცემის საკითხის კანონიერების შესწავლის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი