ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, “Sector 26”-ში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანები დაჩაგრეს

9 თებერვალი, 2017 • 2955
ომბუდსმენის თქმით, “Sector 26”-ში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანები დაჩაგრეს

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბათუმში მდებარე კლუბ Sector 26-ში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით კლუბის დაცვის წევრებმა კონკრეტული ადამიანების დისკრიმინაცია მოახდინეს.

სახალხო დამცველის  მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ  განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბ „Sector 26″–ის დაცვის თანამშრომლებმა ლგბტ თემის წარმომადგენლები კლუბიდან გააგდეს.

“სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლებს არ მიეცათ საშუალება, თავიანთი შეხედულებისამებრ მოეხდინათ თვითრეალიზება და მათი სექსუალური ორიენტაციის შესაბამისად, საზოგადოების სრულწლოვანი წევრებისათვის ხელმისაწვდომი სერვისით ესარგებლათ”, – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა კლუბის ხელმძღვანელს რეკომენდაციით მიმართა, რომ მის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, რაც ასევე გულისხმობს კლუბის მომსახურე პერსონალისა და დაცვის თანამშრომლების მიერ კლუბის სტუმრების პატივისცემას, მათი სექსუალური ორიენტაციის ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 19 აგვისტოს კ. ს-მ და დ. ე-მ კლუბ “სექტორი 26”-ში ყოფნის დროს ერთმანეთს აკოცეს, რის შემდეგაც 15-20 წუთში დაცვის თანამშრომლებმა გარეთ გაყარეს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ანგარიშის მიხედვით, განმცხადებლებმა დაინახეს, როგორ აკოცეს ერთმანეთს ჰეტეროსექსუალმა წყვილმა, თუმცა დაცვის თანამშრომლებს ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ.

სახალხო დამცველის ცნობით, პოლიციამ გამოძიება სსკ-ს 125-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო საქმის გამოძიება შეწყდა. თუმცა სასამართლომ დაცვის თანამშრომელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის 100 ლარით დააჯარიმა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კლუბის ადმინისტრაციამ, მოთხოვნის მიუხედავად, არ მიაწოდა ვიდეოკამერის ჩანაწერების ასლები, იმ მოტივით, რომ ისინი მალე ნადგურდება. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესაუბრა კლუბის დაცვის თანაშრომელს, რომელმაც არ უარყო მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ კლუბიდან იმიტომ გაიყვანა, რომ “ზასაობდნენ”, რამაც სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია.

“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ წარმოადგენდა მიზანს, რომლის მისაღწევად განმცხადებლებს კლუბი დაატოვებინეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კლუბის დაცვის სამსახურის რეალური მიზანი დაპირისპირების თავიდან აცილება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნებოდა, დაცვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ მიზნის მისაღწევად გამოყენებული ძალადობრივი ფორმა წარმოადგენს გადაჭარბებულ ზომას, რომელმაც განმცხადებლის დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენება გამოიწვია”, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი