ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რეგლამენტის შეცვლას ითხოვს

9 თებერვალი, 2017 • 6830
“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის რეგლამენტის შეცვლას ითხოვს

“პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო ფრაქცია რეგლამენტის შეცვლას ითხოვს. მათი თქმით, სხდომაზე განცხადებების გაკეთების საშუალება არ ეძლევათ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის შეცვლა აუცილებელია, რათა ყოველი პლენარული სხდომა  პოლიტიკური განცხადებებით დაიწყოს:

“ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ, რომ სხდომები დილის 10 საათზე დაიწყოს და 12 საათამდე გაკეთდეს განცხადებები. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დეპუტატს ექნება საშუალება, მისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბროს.”

დღეს მოქმედი რეგლამენტით, მხოლოდ ოთხშაბათია განსაზღვრული განცხადებების გასაკეთებლად. დეპუტატის თქმით, ისინი განცხადებების გასაკეთებლად სიაში ჩაწერას ვერ ასწრებენ, ან თუ ასწრებენ, ადგილი აღარ არის:

” 30 წუთით ადრე უნდა ჩაეწერო სიაში. აბსოლუტურად მანკიერი პრაქტიკაა. ვერ ასწრებ ჩაწერას, ან ჩაეწერები და შემდეგ გეუბნებიან, რომ დრო და ადგილი აღარ არის გამოსვლისთვის.  ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი, როგორც დეპუტატების საქმიანობის შეზღუდვაა. უმრავლესობასთან გვაქვს კონსულტაციები და ამბობენ, რომ მზად არიან ცვლილებებისთვის, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა ამას აცხადებენ. ”

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრებს  ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისთვის. აღნიშნული დრო, სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით. თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დამატებითი განცხადებისთვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. მისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

განცხადებებისთვის პარლამენტის წევრები დღის წესრიგის დამტკიცებამდე პირადად ეწერებიან განმცხადებელთა სიაში, რომელიც დგება სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. პარლამენტის წევრს ასევე უფლება აქვს, პირადად ჩაეწეროს განმცხადებელთა სიაში განცხადებების მიმდინარეობისას. გამომსვლელთა თანამიმდევრობა განისაზღვრება განმცხადებელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრი განმცხადებელთა სიაში შეიძლება ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს გამოსვლის უფლება. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია განმცხადებელთა სიაში, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი