ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების მოთხოვნით ერევანში აქცია გამართეს

9 თებერვალი, 2017 • 2881
ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების მოთხოვნით ერევანში აქცია გამართეს

“სომხეთის ხელისუფლებამ ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა შეაჩეროს და ბელარუსის ელჩი იგორ ნაზარუკი ქვეყნიდან უნდა წავიდეს”, – ეს იყო ძირითადი მესიჯი ერევანში 2017 წლის 8 თებერვალს გამართული აქციის, სადაც 50-მდე მოქალაქემ, მათ შორის პოლიტიკოსებმა, ბელარუსის მიერ აზერბაიჯანისთვის ბლოგერის, ალექსანდრ ლაპშინის გადაცემა გააპროტესტეს.

როგორც გამოცემა კავკაზსკი უზელი წერს, აქციის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სომხური მხარის საერთაშორისო ორგანიზაციებში არაეფექტური საქმიანობის შედეგია.

“ბელარუსის გადაწყვეტილება არის სილის გაწნა სომხეთის ხელისუფლებისთვის, ქვეყნის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისთვის და საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანისთვის”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მინსკის გადაწყვეტილებით, რუსეთის, უკრაინისა და ისრაელის მოქალაქე, ალექსანდრ ლაპშინი ოფიციალური ბაქოს მოთხოვნით, აზერბაიჯანს გადასცეს. ლაპშინი, ბელარუსის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 7 თებერვალს ბაქოში სპეცრეისით გაამგზავრეს. ამჟამად ის აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

აზერბაიჯანში ლაპშინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული. ბლოგერს ბრალი ედება “მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე შესვლა და სეპარატიზმის მხარდაჭერა საჯარო გამოსვლებში”. ამ ბრალდებების საფუძველზე ლაპშინი ინტერპოლის საერთაშორისო ძიებაში იყო. მისი ექსტრადიციის წინააღმდეგ ისრაელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს, თუმცა მინსკი შემხვედრ ნაბიჯზე არ წავიდა.

ლაპშინის აზერბაიჯანისთვის გადაცემის  ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და ბელარუსს შორის სამოკავშირეო ურთიერთოებების სულისკვეთებისთვის შეუსაბამო უწოდა:

“7 თებერვალს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ დახურულ რეჟიმში განიხილა და არ დააკმაყოფილა ლაპშინის საჩივარი ბელარუსის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაზე აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის შესახებ”.

აქვე ნათქვამია, რომ რუსეთი ზომებს მიიღებს მისი მოქალაქის უფლებების დასაცავად.ბელარუსის გადაწვეტილებას სომხეთისა და ყარაბაღის მხარეების მწვავე განცხადებებიც მოჰყვა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი