ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმებზე თანამშრომლები მსჯელობენ

8 თებერვალი, 2017 • 1590
საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმებზე თანამშრომლები მსჯელობენ

დღეს, 8 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები შეიკრიბნენ და იმსჯელეს იმ სტრატეგიაზე, რომელსაც განახორციელებენ ტელევიზიის განვითარების ალტერნატიული გეგმის შესამუშავებლად.

შეხვედრა, რომელიც 17:00 საათზე დაიწყო, მედიისთვის დახურულია. დოდო შონავამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პროფკავშირის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში არის ის ინტელექტუალური ძალა, რომელსაც შეუძლია განვითარების ალტერნატიული ხედვა დადოს.

,,ვიმსჯელებთ იმ სტრატეგიაზე, რომლითაც ვიმოქმედებთ ჩვენ. ვიმსჯელებთ იმ ალტერნატიულ შეთავაზებაზე, რომელიც უნდა მივაწოდოთ ბორდს. პროფკავშირი ალბათ დააფინანსებს იმ არსებით კვლევებს, რაც ასეთი ტიპის ხედვას დასჭირდება. როდესაც ბორდი გვეუბნება, თქვენ ალტერნატიული ხედვა მოგვეცითო, ჩვენ უნდა გვქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელზედაც უნდა გაგვეხსნას. ამას სჭირდება ადამიანური რესურსი, ამას სჭირდება ფინანსური რესურსი,” – განაცხადა დოდო შონავამ.

შონავამ აღნიშნა, რომ ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილ ხედვას არ ეთანხმება, რადგან ის განვითარების ხედვა არაა. მისი აზრით, გენერალური დირექტორი არაა მზად, რომ მართოს ტელევიზია. შონავას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ ტელევიზიის პრობლემების მოგვარება.

საქართველოს მედიის პროფკავშირების თავმჯდომარემ და მოამბის ჟურნალისტმა ლაშა მესხმა განაცხადა, რომ დაუშვებელია, თანამშრომლები ნივთივით მოისროლო ქუჩაში.

,,საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისი და პრობლემური ვითარება არის, ვინ თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი. მაუწყებელი კრიზისში არის მენეჯმენტის უნიათო პოლიტიკის გამო, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ წინა მენეჯმენტის კოაბიტაციას ახალ მენეჯმენტთან. რაც არის პრონციპულად მიუღებელი. დაუშვებელია ისიც, რომ ადამიანები ხელაღებით, ნივთივით მოისროლო ქუჩაში”, – განაცხადა ლაშა მესხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი