ახალი ამბები

დედა გასაშვილებელ ბავშვს მშობელს ვეღარ შეურჩევს – ცვლილებების პროექტი შვილად აყვანის შესახებ კანონში

8 თებერვალი, 2017 • 4887
დედა გასაშვილებელ ბავშვს მშობელს ვეღარ შეურჩევს – ცვლილებების პროექტი შვილად აყვანის შესახებ კანონში

ბიოლოგიურ მშობელს, რომელიც ბავშვის გაშვილებას გადაწყვეტს, უფლება, თავად განსაზღვროს ოჯახი ან პირი, რომლისთვისაც ბავშვის შვილება სურს, შესაძლოა, ჩამოერთვას. ამ ცვლილებას ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც შვილად აყვანის შესახებ საკითხს დაარეგულირებს.

ამჟამად საქართველოში 3258 შვილად აყვანის მსურველი ადამიანია დარეგისტრირებული, ხოლო გასაშვილებელი სტატუსის მქონე სულ 160 ბავშვია. აქედან 117 შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, მათ შორის 7 ჩვილი და დანარჩენი მოზრდილი ბავშვები. გასაშვილებელი სტატუსის ბავშვები 3 ადგილას არიან კონცენტრირებული. ერთი, ესაა ჩვილ ბავშვთა თავშესაფარი, მეორე, საოჯახო ტიპის სახლები და მესამე, მინდობითი აღზრდა, როდესაც ოჯახი სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით იღებს ბავშვს.

მშვილებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობას, რის გამოც დარეგისტრირებულ ადამიანებს წლებია უწევთ ლოდინი, სანამ შეთავაზებას მიიღებენ:

“შვილად აყვანის პროცესი უშვილობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი არ არის. დარეგისტრირება ეს მხოლოდ შანსია მშვილებლისთვის, რომელიც საბოლოოდ ან მიეცემა ან არა. რიგში დარეგისტრირება ცალსახად არ ნიშნავს, რომ იგი მომავალში ბავშვს აიყვანს. რადგან სახელმწიფოს პრიორიტეტი, სახელმწიფოს ხედვაა, რომ ბიოლოგიური ოჯახის მხრიდან ბავშვების მიტოვება არ მოხდეს, ამ მიმართულებით სახელმწიფო გაძლირებულად მუშაობს, მაქსიმალურად ხდება ბავშვთა მიტოვების პრევენცია, რისკების შემცირება და თუ დედა შვილს არ მიატოვებს, არც ერთი მშვილებელი არ დაკმაყოფილდება”,- ამბობს ეთერ ცხაკაია, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი.

სანამ ბიოლოგიური მშობლის მიერ ბავშვის გაშვილების შემთხვევები ბოლომდე აღმოიფხვრება, მოქმედი კანონმდებლობით, ბიოლოგიური დედა, რომელიც ბავშვის გაშვილებას გადაწყვეტს, სარგებლობს უფლებით, თავად გადაწყვიტოს, ვისთვის სურს ბავშვის მიშვილება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი “შვილად აყვანის შესახებ” ახალ კანონპროექტს დაამტკიცებს, მას ეს უფლება აღარ ექნება.

“იკრძალება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლების/მშობლისა და მშვილებლების/მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევები, ვინაიდან მოქმედი რეგულაცია უფლებას ანიჭებს დაინტერესებულ მხარეებს (ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი), თავად განსაზღვრონ ბავშვის მიტოვების შემდეგ მშვილებელი გარემო, რაც ზღუდავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სრულფასოვან ჩართულობას, ამ კატეგორიის ბავშვების გამოვლენის, სამართლებრივი სტატუსის დადგენისა და მათი საჭიროებების შესაბამისად, უპირატესი მშვილებელი პირების/პირის შეთავაზების თვალსაზრისით”,- ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო შატბერაშვილის განცხადებით, ამგვარი მიდგომა, როდესაც ბიოლოგიურ მშობელს შვილზე უარი თქმის შემდეგაც აქვს უფლება, თავად განსაზღვროს ბავშვის მომავალი ოჯახი, ბავშვის ნივთად აღქმის მაჩვენებელია:

“ხდება საოცრად ბავშვის განივთება. ეს დაახლოებით ისეთი საკითხია, როდესაც ვამბობთ -მშობელს აქვს თუ არა უფლება შვილს გაუკეთოს, რაც მას სურს?! მაგალითად, ცემოს, დატოვოს ქუჩაში. რა გამოდის? თუ აღარ გინდა ბავშვი, შენვე პერსონალურად გადაწყვეტ, რომ ამ ბავშვისთვის უკეთესია კონკრეტული ოჯახი, რომელიც მხოლოდ შენ მიგაჩნია, რომ უკეთესია, თორემ  შეიძლება სულაც არაა, ამ ბავშვს ნივთვით, საჩუქრად გადასცემ ამ ოჯახს. “შენი ბავშვი შენი კუთვნილებაა”- ეს მიდგომა ბავშვთა ზრუნვის სფეროში სრულიად ოპრესიული და დისკრიმინაციული მიდგომაა”- ამბობს ნინო შატბერაშვილი.

სპეციალისტების შეფასებით, გარდა ბავშვის განივთებისა, ასეთი ჩანაწერი წარმოშობს კორუფციული გარიგების საფრთხეებსაც, როდესაც შეიძლება ბავშვის ბიოლოგიური მშობელი და მშვილებლები თანხაზე შეთანხმდნენ, ან შეიძლება იყოს სხვა ტიპის გარიგებები. პირდაპირი წესით გარიგებას ახალი კანონპროექტი მხოლოდ ბავშვსა და მშვილებელს შორის ნათესაური კავშირის დროს უშვებს:

“გენეტიკური ნათესავი და ახლობელი სარგებლობს უპირატესი უფლებით, გახდეს ბავშვის მშობელი ყოველგვარი რიგის და ასაკობრივი ცენზის გარეშე. მაგრამ პირდაპირი გარიგების წესი, სადაც ფულადი გარიგება ან რაიმე სხვა ტიპის სარგებელი შეიძლება იყოს, პირდაპირი კანონმდებლობით იკრძალება. ეს არის სწორედ იმისათვის, რომ გაშვილებას არ ჰქონდეს კორუფციული საფუძველი”, – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ამას გარდა, პირდაპირი წესით გაშვილება დისკრიმინაციულია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვილებელთა რიგში დგანან, რადგან ასეთ დროს ბიოლოგიური დედის მიერ დასახელებული ოჯახი ან წყვილი ურიგოდ სარგებლობს. მაგალითად, 2016 წელს 73 ჩვილი გაშვილდა და აქედან 43 პირდაპირი წესითაა გაშვილებული.

[blue_box]კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა ცვლილებები[/blue_box]

ზემოთ აღნიშნულის გარდა, შვილად აყვანის შესახებ კანონპროექტში დაგეგმილია სხვა ცვლილებები. მაგალითად, მშვილებლებისთვის სავალდებულო გახდება ტრენინგ-კომპონენტის გავლა, რომელიც მათ მშობლობისთვის მოამზადებს:

“ხშირად კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს მშვილებლები აკმაყოფილებენ და სოციალური მუშაკის მიერ შეფასების საფუძველზე დასკვნა რეკომენდაციას გვაძლევს, რომ ისინი დარეგისტრირდნენ მშვილებელთა რიგში, ისინი მაინც საჭიროებენ გადამზადებას და ეს ტრენინგ-კომპონენტია მომავალი მშვილებლებისთვის, რაც სავალდებულოდ უნდა გაიაროს მშვილებლებმა. ძალიან მნიშვნელოვანია და, სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს გაცნობიერებული, რომ ბავშვის შვილად ასაყვანად ოჯახი უნდა მოემზადოს. ოჯახში უნდა შეიქმნას ყველა პირობა, რომ ბავშვი კომფორტულად და კარგად გაიზარდოს. მისი უფლებები ოჯახში დაცული იყოს. ეს ტრენინგ-პროგრამა მოიცავს ყველა იმ ტრენინგ-კომპონენტს, რაც შეეხება ბავშვის აღზრდის მეთოდებს, მათი უფლებების დაცვას”,- ამბობს ეთერ ცხაკაია. 

მოქმედი კანონმდებლობით, მშვილებელი არ კარგავს რიგს, თუ იგი შეთავაზებულ ბავშვზე უარს იტყვის. ცვლილებების პაკეტის მიხედვით, შეთავაზებაზე ორჯერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი რიგს დაკარგავს.  ასევე, მოქმედ კანონმდებლობაში მხოლოდ ქვედა ზღვარი არსებობს, ცვლილებების პაკეტი კი ზედა ზღვარსაც აწესებს, რომლის თანახმადაც, მშვილებელსა და ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა აჭარბებდეს 45 წელს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა 6 თებერვალს განიხილა და მხარი დაუჭირა შვილად აყვანის შესახებ კანონში ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი