ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: არის შესაძლებლობა, რომ რუსთავის აზოტის ქარხნის მუშებს სამუშაო შევუნარჩუნოთ

8 თებერვალი, 2017 • 40495
ნაცვლიშვილი: არის შესაძლებლობა, რომ რუსთავის აზოტის ქარხნის მუშებს სამუშაო შევუნარჩუნოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსთავის აზოტის ქარხნის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება გაიმართოს და საწარმოს დათხოვნილმა მუშებმა სამსახური შეინარჩუნონ. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბექა ნაცვლიშვილმა მოსახლეობას შენგენის ზონაში  სავიზო რეჟიმის გაუქმება მიულოცა და აღნიშნა, რომ ვროპა დაფუძნებულია სოლიდარობისა და ურთიერთკონსულტაციის ღირებულებაზე:

“სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია განპირობებულია იმ წინსვლით, რაც ეფუძნება ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების განხორციელებას. უდავოა, რომ ჩვენთან სიტუაცია შეცვლილია. ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. მაგრამ, უფრო მეტ ყურადღებას თუ არ დავუთმობთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ უფლებებს, ისინი პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებს ვერ გამოიყენებენ. ჩვენი საზოგადოების ნაწილის ეს უფლებები აზრს დაკარგავს.”

დეპუტატმა მისი და  რუსთავის მაჟორიტარის სახელით ქარხნიდან დათხოვნილ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მათთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება შესაძლებელია:

“რუსთავში არის სივრცე მოლაპარაკებებისთვის. შესაძლებელია, რომ კონსენსუსის საფუძველზე ყველასთვის მისაღებ შედეგს მივაღწიოთ. ამიტომ ჩვენ გვაქვს სამმხრივი დიალოგის ფორმატი, ამიტომ გვაქვს სხვადასხვა ინსტიტუციური მოდელები, რომლის ფარგლებშიც ეს პრობლემა შეიძლება იქნას განხილული. ჩემი ინფორმაციით, იქ არსებობს მოლაპარაკების სივრცეები, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ ამ ადამიანებს სამუშაო ადგილები შევუნარჩუნოთ. მივესალმები, თუ ეს პროცესი დაიწყება.”

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების  წარმომადგენელი რუსთავში, გელა ბიჭიაშვილი ამბობს, რომ  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობა ზეპირად მიიღეს.  ბიჭიაშვილის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა სამსახურში თანამშრომლების აღდგენაა.

დათხოვნილი მუშების მოთხოვნებია:

  • შრომის კაბალური შეთანხმების გაუქმება. მისი თქმით, კონტრაქტებზე ერთ და ორ დღეში მოაწერინეს ხელი მაშინ, როცა 5-ფურცლიან შრომის ხელშეკრულებას სჭირდება რამდენიმედღიანი შესწავლა იურისტთან ერთად.
  • კვლავ აღადგინონ ეს ადამიანების სამუშაო ადგილებზე.
  • ეკონომიკის სამინისტროს შეატყობინოს საწარმომ, რომ თანამშრომლებს მასობრივად ითხოვს სამსახურიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი