ახალი ამბები

შრომის ინსპექცია “ფრესკოს” ამოწმებს

8 თებერვალი, 2017 • 4146
შრომის ინსპექცია “ფრესკოს” ამოწმებს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს შეამოწმებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განუცხადა.

“შრომით ექსპლუატაციასა და იძულებითი შრომის ნიშნების შემცველ შეტყობინებაზე (იქნება ეს ცხელი ხაზით მიღებული თუ სოციალური ქსელებით) რეაგირება ჩვენი ვალდებულებაა”, – ამბობს ჟორჟოლიანი და დასძენს, რომ ისინი გადაამოწმებენ ფეისბუკით ფრესკოს თანამშრომლების სახელით გავრცელებულ წერილში მოყვანილ ინფორმაციას.

“იქ ეწერა, რომ თანამშრომლებს მუქარით არ მისცეს სამსახურიდან წასვლის საშუალება. ეს არის ჩვენთვის სიგნალი ფრესკოს შემოწმებისთვის”.

ფრესკოს თანამშრომლების სახელით წერილი ფეისბუკზე გვერდმა “ჟამთასვლა ფოტოსურათებზე” გაავრცელა:

“ფრესკოს თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ, ხმა მოგაწვდინოთ მთელ საქართველოს და გაგაგებინოთ, თუ რეალურად რა სიტუაციაა სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოში”!

დღევანდელ საქართველოში სამსახურეობრივი ანაზღაურება შრომის ხარისხსა და კოეფიციენტს რეალურად რომ არ შეესაბამება, ეს ყველასთვის ნაცნობი და სამწუხარო ფაქტია, რაც ნამდვილად აღარავის უკვირს, თუმცაღა ის, რაც ფრესკოში ხდება, ყოველგვარ საზღვარს სცდება, არაადამიანურობის უმაღლესი გამოხატულებაა და თავისუფლად შეგვიძლია “თანამედროვე მონობის” გამოვლინებაც ვუწოდოთ. ეს ჩამონათვალი კი ნათლად დაგანახებთ აღნიშნულს:

1. სამუშაო საათები განისაზღვრება 12 საათით, კვირაში 5 დღე. როგორც ვიცით, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სამუშაო საათების რაოდენობა არის კვირაში 48 საათი, რაც ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოდგენს და უნდა ანაზღაურდეს შესაბამისად. ფრესკოს თანამშრომლების სამუშაო საათები კი კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური – 400 ლარამდე.

2. სამუშაო დღეს შესვენების დრო  1-1.5 საათით განისაზღვრება(რაც დამოკიდებულია დასაქმებულის დაკავებული პოზიციით), ამ პერიოდის განმავლობაში, თანამშრომლებს აუკრძალეს მობილური ტელეფონებით სარგებლობა, რითაც ისინი ფაქტობრივად მოწყვიტეს გარესამყაროს, ვინაიდან მათ ჰყავთ შვილები, ქმრები, ცოლები, მშობლები, რომელთაც ვერანაირი საშუალებით ვერ დაუკავშირდებიან 12 საათის განმავლობაში.

3. ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი.

4. თანამშრომელს ვერავინ გასცა პასუხი, თუ რატომ დაერიცხათ ზემოთ ნახსენები მცირე ოდენობის ხელფასები, სავარაუდო მიზეზად მათ მიმართ არსებული ჯარიმები დასახელდა, თუმცაღა მათ ვერ შეძლეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ან რაიმე საბუთის წარდგენა. ფილიალის მენეჯერის საბოლოო პასუხი კი “არვიცი” და კაბინეტის კარის “მიჯახუნება” იყო.

5. ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს, რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არარსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

6. ვადაგასული პროდუქციის უმეტესობას უკან არ/ვერ აბრუნებენ და ამ დანაკლისის ანაზღაურება თანამშრომელთა ხელფასებიდან გარკვეული თანხის ჩამოჭრით ხორციელდება

7. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძულეს, ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.

8. პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში, ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ “მეტობა” , ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით.

9. თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზეწოლა. მაგ. ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომლების უმეტესობამ ნოემბრის თვეში გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა, შესაბამისი განცხადების დაწერის საფუძველზე, თუმცაღა საოპერაციოს დირექტორმა ამის საშუალება არ მისცა მათ და დაემუქრა, რომ წასვლის შემთხვევაში დაუკავშირდებოდა სხვადასხვა კომპანიებს და ცუდ სტატუსს მიანიჭებდა მათ CV-ს.
ეს არის იმ დარღვევების და არაადამიანური მოპყრობის მცირე ჩამონათვალი, რაც ხდებოდა და დღესაც ხდება ფრესკოში.

ჩვენი, ყოფილი თანამშრომლების დიდი სურვილი და მიზანია, რომ ამ პოსტს მოჰყვეს გამოხმაურება და სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რათა შემდგომში სხვა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ასეთი ზეწოლისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი”, – ნათქვამია წერილში, რომლის ავტორიც უცნობია.

“რაც შეეხება სხვა მთელ რიგ შრომით-სამართლებრივ უფლებებს, რომლის დარღვევაზეც არის წერილში ლაპარაკი, ამ ეტაპზე ინსპექციის მანდატი, მოგეხსენებათ, არ ვრცელდება… ჩვენ მხოლოდ შორმის უსაფრთხოებასა და იძულებით შრომას ვიკვლევთ, თუმცა, თუკი გამოკივეთება, რომ მძიმე შრომის პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა, ინსპექტორები ყველანაირად ეცდებიან, რომ დამსაქმებლებს აუხსნან, თუ რას ამბობს შრომის კოდექსი.  ექსპსლუატაციის ნიშნები და იძულებითი შრომა თუ დადგინდა, მყისიერად გადავამისამართებთ შსს-ში, რომელიც შემდეგ უკვე ამას გამოძიების კვალიფიკაციას მისცემს”, – ამბობს ნეტგაზეთთან ლევან ჟორჟოლიანი და დასძენს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინსპექცია “ფრესკოს” ამოწმებს.

ნეტგაზეთი კომენტარისთვის დაუკავშირდა ფრესკოს, სადაც ჩვენი მონაცემები მოინიშნეს და დაგვპირდნენ, რომ თვითონ დაგვირეკავენ. მანამდე ზემოხსენებულ წერილს ფრესკომ ასევე ფეისბუკით უპასუხა:

“კომპანია „ფრესკო“ ოფიციალურად აცხადებს:

1) ქურდი – ციხეში!

2) უნიათო, უსაქმური და მუქთახორა – ფრესკოს გარეთ!

3) ფაქტია, თქვენი პოსტის დამკვეთი ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა. მზად ვართ, ჩვენი სახსრებით დაგიქირავოთ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები.

4) ცილისწამება ოდნავ მაინც უნდა იყოს დაახლოებული სიმართლესთან : “ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს, რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არარსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას” –
ეს პუნქტი უბრალოდ სისულელეა და არავითარ აზრს არ შეიცავს, არც ლოგიკურს და არც არალოგიკურს.

5) პირველ და მეორე პუნქტში ნახსენები ტიპის თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აყოლა ნიშნავს  თქვენი ჯიბეების, საფულეების და შემოსავლის ბოიკოტს.

6) „ფრესკო“ კანონის ფარგლებში ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შემოწმებისათვის და თავის საქმიანობაში ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.

7) დაბოლოს, „ფრესკოს“ თავისი ბინძური ხელებით ნურავინ ნუ შეეხება!

ფრესკო ლუზერების გარეშე”, – ნათქვამია ფრესკოს პასუხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი