ახალი ამბები

10 თებერვალს ენმ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციას გამართავს

8 თებერვალი, 2017 • 3622
10 თებერვალს ენმ “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციას გამართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ  10 თებერვლიდან 15 თებერვლამდე უზენაესი სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე “უკანონო გადაწყვეტილების მიღებას აპირებს”. შესაბამისად, ენმ 10 თებერვალს, 13:30 წუთზე ტელევიზიის მხარდამჭერ აქციას გამართავს.

ნიკა მელიას თქმით, აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გადაინაცვლებენ უზენაესი სასამართლოს შენობასთან:

“ბოლო დღეებში არაერთი დამადასტურებელი ფაქტი ვიხილეთ, თუ როგორ არის ჩართული ხელისუფლება, რათა სასამართლომ  “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. ხელისუფლება უკანონო გადაწყვეტილების შემკვეთია. მთელი ბიუროკრატიული რესურსია ჩართული ამ პროცესში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და გაგრძელებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით.”

დეპუტატის თქმით, ამ აქციის მიზანია, ბიძინა ივანიშვილს ტელევიზიის დამორჩილებაში ხელი შეუშალონ:

“ეს იქნება ერთგვარი სოლიდარობა იმ პატიოსანი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიმართ, რომლებიც, მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი უზენაეს სასამართლოში. რუსთაველის მეტროსთან ველოდებით ყველას, ვისაც ანაღლებს უკეთესი ხვალინდელი საქართველოს ბედი,” – აღნიშნავს მელია.

5 თებერვალს გადაცემა “პოსტკრიპტუმში” ნაჩვენები სიუჟეტის მიხედვით,  ნატა ნაზღაიძის ოჯახს, რომელმაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით,  თბილისის მერიამ თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა გადაუფორმა. მათივე გავრცელებუ;ლი ინფორმაციის თანახმად, 129 ათასი ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათასი დოლარი- საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეებზე ზეწოლაში სუს-ი დაადანაშაულა.

ნიკა მელიას ნათქვამს სუს-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოკლებულია საფუძველს. სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, იგი “მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს”. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მიმოწერის მიხედვით, შეტყობინება გამოგზავნილია ნომრიდან, რომლის კოდია +380, რაც უკრაინის სატელეფონო კოდია, სადაც ამჟამად გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფება.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა. არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწეისა და არც ამ ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვას ითხოვს. ამასთან, მიმართავს პრეზიდენტს და სთხოვს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, უშუალოდ ჩაერთოს ამ საქმეში და გამოძიებას თვალყური  მიადევნოს. უმცირესობა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრასაც გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი