ახალი ამბები

ბაგა-ბაღებიდან დათხოვნილი დირექტორები სასამართლოს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ

8 თებერვალი, 2017 • 4948
ბაგა-ბაღებიდან დათხოვნილი დირექტორები სასამართლოს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან დათხოვნილმა დირექტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლო დაადანაშაულეს, რომ მათი დათხოვნის საქმის განხილვას გამზრახ აჭიანურებენ.

საქმე ეხება თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ 2016 წლის გაზაფხულზე დათხოვნილ დირექტორებს. ისინი აცხადებენ, რომ ბაგა-ბაღების სააგენტომ უსაფუძვლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოში იჩივლეს. ყოფილი დირექტორები სასამართლოში მოითხოვენ მათი დათხოვნის ბრძანებების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდური თანხის ანაზღაურებას.

დათხოვნილი დირექტორების ნაწილის ადვოკატის, ბექა კვინიკაძის განცხადებით, 2016 წლის აპრილში ერთობლივი სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამათლოს, რომელმაც თავდაპირველად სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც საქალაქო სასამართლოს ყოფილი დირექტორების სარჩელის წარმოებაში მიღება დაავალა.

“შრომითი კატეგორიის დავაზე კანონმდებელმა დაადგინა ერთი თვის ვადა. ამ საქმეზე გავიდა 11 თვე და გვაქვს მოცემულობა, რომ ერთი სხდომაც კი არ გამართულა,”- განაცხადა ადვოკატმა.

მანვე აღნიშნა, რომ სასამართლოს არაერთხელ მისწერეს კითხვით – რატომ ჭიანურდებოდა საქმე, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

“ვიმყოფებით ინფორმაციულ ვაკუუმში. ამ ადამიანებს, ვისაც გვაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ უკანონოდ ვართ გათავისუფლებული, არანაირი პასუხი არ გაგვცა სასამართლომ. ვთვლი, რომ სასამართლოც პოლიტიკურად მართულია, ყველანაირი დრო არის დარღვეული, რომ სასამართლოს მიეღო ჩვენი საქმე წარმოებაში,”- განაცხადა #85 ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა ინგა გუგავამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

#3 ბაგა-ბაღის ყოფილ დირექტორს, თათია ვაჭრიძესაც აქვს შეტანილი სარჩელი ბაგა-ბაღების სააგენტოს წინააღმდეგ. ვაჭრიძის თქმით, დათხოვნამდეც არაერთხელ მიმართა საკრებულოსა და თბილისის მერიას, ვინაიდან  ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის მხრიდან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

თათია ვაჭრიძის თქმით, იმას, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა იყო, სასამართლოში მიმდინარე პროცესიც ადასტურებს.

“არ დაინტერესებულა არავინ… ყველა საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ ნამდვილად პოლიტიკური იყო. ახლა კიდევ მტკიცდება ნაბიჯ-ნაბიჯ,”- ამობს თათია ვაჭრიძე.

ნეტგაზეთს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, რომ ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი სასამართლოში შესული ძალიან ბევრი საქმე და სასამართლოს გადატვირთულობაა. მათივე განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში, მოსამართლეს განსახილველად 800 საქმეც კი აწერია.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ხელმძღვანელობა შეიცვალა და სააგენტოს უფროსად თემურ თორდინავა დაინიშნა, 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ივნისამდე 42 დირექტორი დაითხოვეს, აქედან 29 – სააგენტოს გადაწყვეტილებით ან სხვადასხვა მონიტორინგის საფუძველზე.

დათხოვნილი დირექტორების ნაწილი მიიჩნევს, რომ მონიტორიგის დასკვნები აბსურდულია და რეალურად, პოლიტიური ნიშნით დაითხოვეს, ვინაიდან “ქართული ოცნების” აქტივისტები არ იყვნენ. დათხოვნილ დირექტორებს შორის არიან პირები, რომლებსაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული პირების ახლობლები იყვნენ. მაგალითად, #90 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ლელა გოგორიშვილი ხათუნა გოგორიშვილის დაა, #91 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ლალი ნაფეტვარიძე დავით ნაფეტვარიძის დედაა;  #3 ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი თათია ვაჭრიძე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭრია.

დათხოვნილ დირექტორებს შორის არიან ინგა გუგავა-უდესიანი და ელსა უდესიანი, რომლებიც გია უდესიანის დები არიან. უდესიანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული, სასამართლოში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა გამორიცხავდა პოლიტიკური ნიშნით დირექტორების დათხოვნას:

“არც ერთი ბაღის დირექტორი არ გათავისუფლებულა პოლიტიკური ნიშნით და არც დაინიშნება პოლიტიკური ნიშნით,”- აცხადებდა ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი