ახალი ამბები

საყვარელიძე: ნაცვლიშვილმა რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა ივანიშვილის ფარული ჩანაწერი

7 თებერვალი, 2017 • 2685
საყვარელიძე: ნაცვლიშვილმა რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა ივანიშვილის ფარული ჩანაწერი

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად უკრაინაში მოღვაწე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს მოქმედი მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მათ სთავაზობდა ივანიშვილის ფარული ჩანაწერების ყიდვას რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ.

“ჩემი ერთ–ერთი მეგობარი დაგიდასტურებთ, რომ 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ–ერთ დედაქალაქში, მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული და განაწყენებული იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასა და რეჟიმზე და რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიომასალა. მილიონები არ გვქონდა და არც ახლა გვაქვს, ამიტომ ამ ჩანაწერების რეალიზაცია ვერ მოხდა მაშინ”, – განაცხადა საყვარელიძემ რუსთავი 2–ის გადაცემა “არჩევანში”.

ამავე გადაცემაში დაადასტურა ეს ინფორმაცია რუსთავი 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, ჟენევაში შეხვდა ლაშა ნაცვლიშვილს მას შემდეგ, რაც ნაცვლიშვილი აღარ იყო მთავარი პროკურორის მოადგილე. გვარამიას თქმით, ნაცვლიშვილი ვაჭრობდა მის ხელთ არსებული უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერებით, ე.წ. “Z მასალებით”.

“მან მითხრა, რომ ერევანში მის მეგობართან არის ეს მასალები შენახული, მან მომასმენინა ერთ–ერთი ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის, მითხრა, რომ ეს რამდენიმე მილიონი ღირდა,” – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმითვე, ნაცვლიშვილმა სთხოვა, დაეკავშირებინა უკრაინაში მყოფ სააკაშვილის თანაგანდულებთან და მან მისცა დავით საყვარელიძის საკონტაქტო მონაცემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი