ახალი ამბებიტექნოლოგიები

საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის გამოყენებით ქონების რეგისტრაციის საცდელ პროექტს აამოქმედებს

7 თებერვალი, 2017 • 5069
საჯარო რეესტრი ბლოკჩეინის გამოყენებით ქონების რეგისტრაციის საცდელ პროექტს აამოქმედებს

საქართველოს საჯარო რეესტრის ცნობით, 2017 წლიდან საჯარო რეესტრი BitFury Group-თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს, რაც საცდელი პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებას და “სმარტ კონტრაქტების” დანერგვას ითვალისწინებს.

საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე აცხადებს, რომ 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საერთაშორისო დონეზე საქართველოს წარმოსაჩენად.

უგრეხელიძის თქმით, საჯარო რეესტრი მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას.

“პროცესი არის ელექტრონული, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის ჩაურევლობას, რაც თავისთავად მის დაცულობას და ხელმისაწვდომობას მოიცავს. ტრანზაქცია, რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება, ელექტორნული წესით რამდენიმე ადგილას იქნება დაცული“ -აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

საჯარო რეესტრის ცნობით, უძრავი ქონებისა და ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის გლობალური სისტემით იქნება დაცული. საჯარო რეესტრი ბლოკჩეინში ოფიციალური ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ მონაცემებს გააგზავნის, რითიც განხორციელებული ტრანზაქციის ნამდვილობას და უტყუარობას დაადასტურებს. ამონაწერის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ დაინტრესებული პირისთვის იქნება შესაძლებელი.

BitFury Group-თან თანაშრომლობა საჯარო რეესტრმა 2016 წლიდან დაიწყო.  საჯარო რეესტრმა კომპანია BitFury-ის სპეციალისტებთან ერთად  უძრავი ქონების რეგისტრაციის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტი შეიმუშავა. განხორციელდა პროექტის რეალურ რეჟიმში ამოქმედებისთვის საჭირო  ტექნიკური და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები. თანამშრომლობის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.

ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. ტრადიციული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, ის დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.

საჯარო რეესტრის ცნობით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას  გამოიყენებს.

ბიტკოინი ციფრული ვალუტაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ბიტკოინის ინდუსტრიის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა BitFury Group, რომელიც საქართველოში მონაცემთა ორ ცენტრს ფლობს- გლდანსა და გორში.

უფრო დაწვრილებით BitFury Group-ის საქართველოში საქმანობის შესახებ გაეცანით აქ: საქართველო – საგადასახადო სამოთხე “ბიტფურისთვის”

მასალების გადაბეჭდვის წესი