ახალი ამბები

ჩაშლილი მემორანდუმი, რომელიც საზმაუსთვის ახალი შენობის აგებას ითვალისწინებდა

7 თებერვალი, 2017 • 4356
ჩაშლილი მემორანდუმი, რომელიც საზმაუსთვის ახალი შენობის აგებას ითვალისწინებდა

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ 2015 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობის აშენებისა და მისი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის გეგმა არსებობდა. ამის თაობაზე ინვესტორს, ეკონომიკის სამინისტროსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის მემორანდუმიც კი გაფორმდა, თუმცა იდეა ვერ განხორციელდა. ნეტგაზეთი არკვევდა, რა იყო ამის მიზეზი.

საინვესტიციო კომპანია Grande Group Georgia-ს ხელმძღვანელი კოკა მორგოშია (რომელმაც 2016 წელს პოლიტიკაშიც სცადა ბედი და პატრიოტთა ალიანსის სახელით მცხეთაში იყარა კენჭი) გვიყვება, რომ სამმხრივი მემორანდუმი მათ, საზოგადოებრივ მაუწყებელს და ეკონომიკის სამინისტროს შორის 2015 წლის თებერვალში გაფორმდა. მორგოშიას თქმით, შეთანხმების მიხედვით ეკონომიკის სამინისტროს საბურთალოზე (ვეძისის თავზე) უნდა გამოეყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელზეც მათი კომპანიის მიერ მოძიებული ინვესტორი, ერთ-ერთი გერმანული კომპანია საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალ შენობა-ნაგებობებს აუშენებდა და თანამედროვე იაპონური ტექნიკით აღჭურვავდა. სანაცვლოდ კი ინვესტორი კოსტავაზე იმ ტერიტორიას მიიღებდა, რომელსაც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი ფლობს.

მორგოშია ამბობს, რომ მათ მიერ მოძიებული ინვესტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაზე დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარის დახარჯვას აპირებდა, სადაინაც დაახლოებით 13 მილიონი უშუალოდ შენობაზე დაიხრჯებოდა, ხოლო დანარჩენი – ტექნიკაზე. რაც შეეხება კოსტავაზე არსებული 3 ჰექტარზე მეტი მიწის და შენობების ბედს, მორგოშიას თქმით, ისინი იქ რამდენიმე სასტუმრო-კომპლექსის, „ა“- კლასის ოფისებისა და შერეული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპირებდნენ, ჯამური 150 მილიონი დოლარის ინვესტიციით.

მორგოშიას თქმით, ამ გეგმით საზოგადოებრივი მაუწყებელი 1 ლარის დახარჯვის გარეშე მიიღებდა ახალ, ტექნიკურად სრულად უზუნველყოფილ შენობას. თუმცა, მისი თქმით, მემორანდუმს ვადა გაუვიდა და ეს იდეა ვერ განხორციელდა. მორგოშიას თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ ხედვები ვერ დაემთხვა.

“კარგი პროექტი რომ არ ყოფილიყო, იმ მემორანდუმამდე არ მივიდოდა საქმე, რომელსაც სახელმწიფომაც მოაწერა ხელი ეკონომიკის სამინისტროს ხელით.

რაღაც-რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ. ჩვენ მაგათი [საზოგადოებრივი მაუწყებელი] შიდა სამზერულო არ ვიცით, კონტრაქტიც კი მზად გვქონდა. მე ერთადერთი თხოვნა მქონდა, რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ ლეგიტიმურია, მე ვარ ბიზნესმენი და არა ტელვიზიის თანამშრომელი, თქვენ რა გინდათ და რა არის მისაღები, მაგას მე ვერ გეტყვით-მეთქი. ვთავაზობდით, რომელიმე მსოფლიო ბრენდიდან, თუ არ ვცდები, BBC-ში მოვძებნეთ ჯგუფი, ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები, ერთად გავაკეთოთ სამუშაო ჯგუფი და ჩამოყალიბდეს, როგორი კონცეფციის შენობა გინდათ. ხომ არ შეიძლება, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს იმდენივე პავილიონი უნდოდეს, რამდენიც ალ-ჯაზირას”, – ამბობს მორგოშია და დასძენს, რომ შემდეგ პროცესი წინ ვეღარ წავიდა. მისი თქმით, იყვნენ ადამიანები, ვინც კონსტრუქციულად თანამშრომლობდნენ, მაგალითად, საზმაუს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბარათაშვილი, თუმცა ზოგიერთს ეჭვი ეპარებოდა BBC-იდან ჯგუფის მოწვევის მიზანშეწონილობაშიც კი.

“მოკლედ, ვერ შევთანხმდით. მერე თქვეს, რომ კრედიტი უნდა მოვიზიდოთ და აქვე უნდა დავრჩეთო. ძალიან ბევრი დრო მიდიოდა ამაზე ლაპარაკში და მივხვდი, რომ… მაგალითად, ერთ-ერთმა თქვა ამ კონცეფციის განხილვაზე, რომ მაუწყებლის შენობაში საბავშო ბაღი და სპა ცენტრი უნდა იყოსო და მაგიტომაც წამოვიდა BBC-ის ჩამოყვანის თემა. გიორგი ბარათაშვილი ძალიან კონსტრუქციულად უდგებოდა საკითხს, თუმცა მე მაგათი შიდა სამსარეულო არ ვიცი”, – ამბობს მორგოშია, რომელიც არ ასახელებს იმ გერმანელი ინვესტორების ვინაობას, რომლებიც ამ პროექტით იყვნენ დაინტერესებული. მისი თქმით, შეთანხმება რომ შემდგარიყო, ყველაფერი გამჭვირვალე იქნებოდა, თუმცა ახლა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ამ ინფორმაციის გავრცელებას და კონფიდენციალურობას იცავს.

“ეს გერმანული ჯგუფი საკმაოდ სოლიდური იყო, ძალიან კარგი ხალხი. ახლა ყაზახეთში გააკეთეს “ა” კლასის ოფისები”.

ზემოხსენებული მემორანდუმის შესახებ ინფორმირებულია საზოგადობეირვი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი გრიგოლ გოგელია.

“ჩვენთან რა ინფორმაციაც მოვიდა დირექტორისგან [გიორგი ბარათაშვილი],  არ შედგა ეს პროექტიო. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. თუ საჭირო იქნება, გავერკვევით ამ თემასთან დაკავშირებით. რა ინტერესი უნდა გვქონდა ჩვენ, რომ ეს არ აგვეშენებინა? აბსურდია, პირიქით, ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი. რატომ გავაფორმებდით მემორანდუმს [ტყუილად], ამ მოლაპარაკებებში დირექტორი იყო ჩართული”, – ამბობს გოგელია.

მისი თქმით, იმ პერიოდში სამხარაულის ბიურომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩაატარა ექსპერტიზა და დადო დასკვნა შენობის სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“ეს იყო ჩვენი საწყისი წერტილი, რომ დაგვეწყო მსჯელობა იმაზე, თუ რა უნდა აშენებულიყო. განვიხილავდით სხვადასხვა ვარიანტს, რომ მოგვეზიდა ინვესტიცია. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ამაში ჩართული იყო გენერალური დირექტორი და ჩვენთან რა ინფორმაციაც მოვიდა, არის ის, რომ შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომ დავიწყეთ ალტერნატივაზე ფიქრი და ვთქვით, რომ რახან ვერ მოვძებნეთ თანხა, (მთელი ტელევიზიისთვის) გამოვათავისუფლეთ ფული ახალი ნიუსრუმის მშენებლობისთვის”, – ამბობს გოგელია.

ნეტგაზეთის ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ ზემოხსენებული იდეა მაშინ ყველა მხარისთვის მისაღები იყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.

ბარათაშვილის თქმით, ზემოხსენებული მემორანდუმი 2015 წლის თებერვალში გაფორმდა, ზაფხულში კი წყალდიდობა მოხდა და ინვესტორმა “ცოტა უკან დაიხია”, რადგან ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა.

“ჩვენ დიდი ხანი ვფიქრობდით ავარიული შენობის გამოცვლაზე. მოლაპარაკებები გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან. ჩვენ ვეძებდით ინვესტორს, რომელიც იმ ტერიტორიის და შენობის სანაცვლოდ, რომელიც ჩვენ გვქონდა, ახალ ტერიტორიაზე ახალ შენობას ააშენებდა და მას შესაბამისად აღჭურვავდა. ეს კომპანია, როგორც ერთ-ერთი ინვესტორი, ეკონომიკის სამინისტრომ წარმოგვიდგინა. იქ იყო ისეთი პირობა, რომ ჯერ ჩვენ უნდა გადაგვეცა ჩვენი ტერიტორია და ისინი ამის შემდეგ დაიწყებდნენ მოქმედებას. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ჩვენ ვთქვით, რომ სანამ არ მივიღებთ კონკრეტულ გეგმას, ვადებში გაწერილ პროექტს, რა თანხები იხარჯებოდა და ა.შ. ამაზე წამსვლელები არ ვიყავით. ანუ ისინი თავიდანვე, სანამ მოქმედებას დაიწყებდნენ, ითხოვდნენ, რომ გადაგვეცა შენობა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკის სამინისტროს გადავცემთ  ქონებას და ის იქნება ჩვენთან ანგარიშვალდებული. ჩვენ არ გვინდოდა პირდაპირ ინვესტორთან ურთიერთობა. მოკლედ, ამის თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს მემორნადუმი ვერ შედგა”, – ამბობს ბარათაშვილი.

მორგოშიას თქმით კი, ინვესტორი ფულის დახარჯვის დაწყებამდე ითხოვდა ქონების პირობიან საკუთრებაში გადაცემას, რაც ნიშნავს იმას, რომ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზმაუწყბელის ტერიტორია ინვესტორის საკუთრებაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდოდა, რაც მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდა და ტელევიზიას ახალ, ტექნიკით უზრუნველყოფილ შენობას აუშენებდა. მისი თქმით, პროექტების შექმნა საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, ხოლო ფულის დახარჯვა ისე, რომ სანაცვლოდ რაიმე გარანტია არ ჰქონდეს, არც ერთ ინვესტორს არ სურს:

“ინვესტორი ფულს უბრალოდ რაღაცაში არ ჩადებს. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ ვალდებულებით უნდა გადმოეცათ, ოღონდ ამ ვალდებულებებს როცა შევასრულებდით, მაშინ იქნებოდა ჩვენი. სხვა რა ფორმა არსებობს? მე აგიშენო ახალი შენობა და შენ ჯენტლმენური სიტყვა მომცე, რომ მერე გადმომიფორმებ? ეს არანაირ ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება. ეს იქნებოდა პირობიანი სკაუთრება, რაც შენ საკუთრებას არ ნიშნავს. თუ პირობა ვერ შეასურლე,  ხელშეკრულება ანულირებული იქნება. მე ვერ ვხვდები რისკის ფაქტორს მათი მხრიდან. ჩვენ წარვადგენდით 30 მილიონზე საბანკო გარანტიებს და თუ ჩვენ ტელევიზიას ვერ ან არ აუშენებდით, ამ შენობას ხელს ვერ ვახლებდით. ანუ კოსტავას ქუჩის ტერიტორია დარჩებოდა საზმაუწყებელს იქამდე, სანამ ჩვენ ახალ ტელევიზიას არ ავუშნებდით. მას შემდეგ, რაც ჩაიბარებდნენ ახალ შენობას, დავიწყებდით კოსტავაზე მდებარე შენობის დემონტაჟს. იგივე პროექტებია აწარმოე საქართველოში და ასე  შემდეგ. 1 ლარად აძლევს სახელმწიფო ინვესტორს მიწას, მაგრამ თუ პირობას ვერ შეასრულებ, საბანკო გარანტია გეკარგება, იბრუნებს სახელწმიფო და ზარალში ინვესტორი მიდის”, – ამბობს მორგოშია. რაც შეეხება წყალდიდობას, მისი თქმით, ინვესტორს, უბრალოდ, აინტერესებდა, მისი პოტენციური ტერიტორია ხომ არ აღმოჩნდებოდა რეკრეაციულ ზონაში.

გიორგი ბარათაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელევიზიის შენობის კონცეფციის თემაზე BBC-ის წარმომადგენლების შესაძლო ჩართულობაზე საუბარი მართლაც იყო, ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ კომპანია ახალი შენობის აშენებამდე საზმაუს მოქმედ შენობას ვერ შეეხებოდა. თუმცა, მისი თქმით, საუბარია არა კერძო სტრუქტურაზე, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ამიტომ ქონების წინასწარ გადაფორმების წინადადებას იმ პირობებში, რომ ხელში არ ეჭირათ კონკრეტული პროექტი, არ დაეთანხმნენ.

ახალი შენობის მოწყობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის გეგმაშიც შედის, თუმცა, როგორც ირკვევა, არსებული ტერიტორიიდან ადგილმონაცვლეობის გარეშე. რაც შეეხება თანხებს, საზმაუს ახალი ხელმძღვანელობის გეგმით, 2018 წლამდე, “მოამბის” გარდა, ყველა გადაცემა უნდა გაჩერდეს, გამოთავისუფლებული ფული კი არხის ტექნიკურ-ტექნლოგიურ-მატერიალურ განახლებას მოხმარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი