ახალი ამბები

ანა დოლიძე: მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ ახდენდა მოსამართლეებზე ზეწოლას

7 თებერვალი, 2017 • 7740
ანა დოლიძე: მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ ახდენდა მოსამართლეებზე ზეწოლას

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია გავიგოთ, მიეცემა თუ არა ვინმე პასუხისგებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის საქმეზე.

“დღეს რაც ვიხილეთ, პოტენციურად არის საქმის  მტკიცებულებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც შეიძლება ამ საქმესთან მიმართებაში დაიდოს. შედეგში იგულისხმება პასუხისგებაში მიცემა, საქმის დახურვა, ანუ საბოლოო წერტილის დასმა იმ კითხვებზე, რა კითხვებიც დაისვა.”

ანა დოლიძის თქმით,  ამ პოტენციური მტკიცებულებების გარჩევა საინტერესოა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, გავიგოთ კონკრეტული პასუხი,  ჩადენილია თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული, ვინ ჩაიდინა ეს და რა სანქცია მიესადაგება მას, ვინც უხეშად ჩაერია მოსამართლის საქმიანობაში.

“ჩვენ ვიმყოფებით სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთ ეტაპზე. მთლიან სურათზე მსჯელობა რთულია, სანამ, საბოლოო ჯამში, არ გვეცოდინება, რა მტკციებულებებია შექმნილი, როგორ იმართლებს თავს მეორე მხარე. ეს იქნება სწორი, სამართლიანი სასამართლო პროცესი, რომელიც შესაბამის ადგილას უნდა წარიმართოს,”- აღნიშნავს დოლიძე.

პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, იგი “მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს”. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მიმოწერის მიხედვით, შეტყობინება გამოგზავნილია ნომრიდან, რომლის კოდია +380, რაც უკრაინის სატელეფონო კოდია, სადაც ამჟამად გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფება.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა. არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწეისა და არც ამ ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი