ახალი ამბები

გოცირიძე: მოსამართლეებზე პროკურატურის ვერსიას დაიჯერებენ სკოლის მოსწავლეები მე-4 კლასამდე

7 თებერვალი, 2017 • 23536
გოცირიძე: მოსამართლეებზე პროკურატურის ვერსიას  დაიჯერებენ სკოლის მოსწავლეები მე-4 კლასამდე

“ამ ვერსიას, ალბათ, სკოლის მოსწავლეები დაიჯერებენ, მეოთხე კლასამდე,” – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პროკურატურის ვერსიას,  რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას დავით საყვარელიძე ცდილობდა.

რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლების საგამოძიებო სამსახურები უჭკუოები არიან:

“სისულელეა. იმდენად უჭკუო არის ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები, რომ ადეკვატური ტყუილის მოგონებაც კი არ შეუძლიათ. მათ ძალზე კარგად იციან, რომ ნორმალური ადამიანი ამ ვერსიას არ დაიჯერებდა. მოსამართლეები გამოჩნდნენ, როგორც მიკერძოებულები, და მათდამი გარკვეული ეჭვები გააჩინა ხელისუფლებამ.”

დეპუტატი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, სერიოზული თემები გადაფაროს:

“მაგალითად, გაზპრომის საკითხი, იგივე ფასების მატება, ჩავარდნილი ლარიზაციის პროგრამა, გია ცერცვაძის საქმე და სხვა ამ მოსამართლეების კორუმპირებულობის გადასაფარავად. მათ დამზადებული აქვთ დამონტაჟებული, უხარისხო მასალა, რომელსაც შემოაგდებენ, რათა ამაზე ვიღაცებმა ილაპარაკონ და მთავარი დაავიწყდეთ.”

პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, იგი “მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს”. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მიმოწერის მიხედვით, შეტყობინება გამოგზავნილია ნომრიდან, რომლის კოდია +380, რაც უკრაინის სატელეფონო კოდია, სადაც ამჟამად გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფება.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა. არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწეისა და არც ამ ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი