ახალი ამბები

ძიძიგური: ჩემთვის ძალიან დამაჯერებელია, რომ სააკაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლას ცდილობს

7 თებერვალი, 2017 • 5069
ძიძიგური: ჩემთვის ძალიან  დამაჯერებელია, რომ სააკაშვილი მოსამართლეებზე ზეწოლას ცდილობს

პარლამენტის ვიცესპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცახდებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების მიერ ზეწოლის განხორციელება კატეგორიულად გამორიცხულია.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობდა სასამართლოზე ზეწოლას:

“როცა პრეზიდენტი გახდა, საერთოდ ჯიბეში ჩაისვა სასამართლო. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ სააკაშვილი სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას აგრძელებს. ჩემთვის ეს ძალიან რეალური და დასაჯერებელი ამბავია.”

მისივე თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლისთვის მიხეილ სააკაშვილი ბევრ ადამიანს, მათ შორის ნიკა გვარამიას იყენებს:

“ფაქტია, რომ ბატონ გვარამიას ჩაწერილი ჰყავს ეს ხალხი. ზოგზე ამბობს, ავთენტურია ეს ჩანაწერი, ზოგზე ამბობს – არ არის. რაღაც მილიონებზე ბევრი ლაპარაკი მიდის ისე, ჩვენში დარჩეს, უბრალოდ. ძალიან ჩახლართული ამბავია და პროკურატურა, ალბათ, გამოიძიებს და თავის სახელს დაარქმევს,” – აღნიშნავს ძიძიგური.

პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, იგი “მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს”. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მიმოწერის მიხედვით, შეტყობინება გამოგზავნილია ნომრიდან, რომლის კოდია +380, რაც უკრაინის სატელეფონო კოდია, სადაც ამჟამად გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფება.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა. არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწეისა და არც ამ ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი