ახალი ამბები

კილაძე: არ გამიკვირდება, მოსამართლეებზე ზეწოლის გამოძიების კვალი დადასტურებულად ენმ-მდე მივიდეს

7 თებერვალი, 2017 • 4029
კილაძე: არ გამიკვირდება, მოსამართლეებზე ზეწოლის გამოძიების კვალი დადასტურებულად ენმ-მდე მივიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სჯერათ საქართველოს პროკურატურის ვერსიის, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას დავით საყვარელიძე ცდილობდა.

“საერთოდ არ მიკვირს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა. უამრავი იყო შანტაჟის,ზეწოლის, ძალადობის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ გამიკვირდება, თუ გამოძიების კვალი დადასტურებულად ამ პარტიამდე მივა. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას,” – ამბობს სოფო კილაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

პროკურატურის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, იგი “მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს”. პროკურატურა აცხადებს, რომ დავით საყვარელიძის ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის. პროკურატურის მიერ გავრცელებულ მიმოწერის მიხედვით, შეტყობინება გამოგზავნილია ნომრიდან, რომლის კოდია +380, რაც უკრაინის სატელეფონო კოდია, სადაც ამჟამად გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე იმყოფება.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლის მუხლით გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა ე.წ. ვაიბერ-მიმოწერა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის, რომლის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსამართლეების – ალავიძისა და ქათამიძის მოსყიდვა. არც ზემოთ ხსენებული აუდიოჩანაწეისა და არც ამ ვაიბერ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს, რომლითაც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, გადაეცემა თუ არა ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი