ახალი ამბები

“მე და საზოგადოების” სწავლება სკოლებში არც 2017-18 სასწავლო წელს დაიწყება

7 თებერვალი, 2017 • 3640
“მე და საზოგადოების” სწავლება სკოლებში არც 2017-18 სასწავლო წელს დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, გამომცემლობებთან მოლაპარაკების შედეგად გაირკვა, რომ 2017-2018 სასწავლო წლისთვის ხარისხიანი სახელმძღვანელოების მომზადება ვერ ესწრება.

“შესაბამისად, მომავალ სასწავლო წელს სკოლებში ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან”, – განაცხადა მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ეს ეხება საგან “მე და საზოგადოებასაც”.

ჯეჯელავას ცნობით, გამოცხადდება გრიფირება და შედეგად, 2017 წლის სექტემბერში დაიდება ახალი სახელმძღვანელოები, რომელთაც სკოლები გაეცნობიან და თავიანთ შენიშვნებს გამოთქვამენ. ჯეჯელავას თქმით, ეს გადაწყვეტილება პრემიერთან შეთანხმებულია. მანვე განაცხადა, რომ “მე და საზოგადოება” დაიდება განსახილველად 2017 წლის სექტემბერში, მაგრამ სკოლებში შევა 2018-2019 სასწავლო წელს.

“ამა თუ იმ მიზეზით, ბიუჯეტის მიზეზი იყო, გამომცემლების განწყობა იყო თუ ჩვენი წარსული ნეგატიური გამოცდილება, ეს პროცესი გაიწელა. დღეს მივედით იქამდე, რომ თვითონ გამომცემლებმა თქვეს, რომ ხარისხიანი სახელმძღვანელო ამ ვადაში ვერ გაკეთდება. ეს როგორც კი გავიგე, ჩემს კოლეგებთან წავედი, პრემიერთან მათ შორის, და გავიარე კონსულტაცია, რომ უხარისხოს დადების სურვილი არანაირი არ არის. დღეს ვმსჯელობთ, რომ გამოვაცხადოთ გრიფირება, ოღონდ დაბეჭდვა და სკოლებში შეტანა არ გავაკეთოთ 2017-2018 წელს,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

ახალი საგნის “მე და საზოგადეობის” საჯარო სკოლებში სწავლების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ 2015 წლის 17 აგვისტოს გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან გაძლიერდება და დაწყებით საფეხურზე (III და IV კლასებში) დაიწყება დამოუკიდებელი საგნის სწავლება სახელწოდებით „მე და საზოგადოება“. მოგვიანებით სამინისტრომ განმარტა, რომ საგნის სწავლების დაწყება 2017-18 სასწავლო წლიდან იგეგმებოდა.

სწორედ “მე და საზოგადოების” გამო უპირისპირდებოდა განათლების სამინისტროს ბიზნესმენი ლევან ვასაძე და საზოგადოების გარკვეული ნაწილი სასულიერო პირების ჩათვლით. სკოლებში ახალი საგნების სწავლება 2017 წლის სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო. საპატრიარქომ “მე და საზოგადოების” სტანდარტზე არაერთი განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას აცნობა, რომ ტექსტიდან მათთვის მიუღებელი ტერმინები ამოიღეს. რეალურად, პირვანდელმა ვერსიამ მართლაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითად, ამოიღეს  სიტყვები უმცირესობა, გენდერი, ასევე, თავი – რისი მწამს და რისი მჯერა. საგანი “მე და საზოგადოება”  გათვლილია მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი