ახალი ამბები

ნიჩბები ნაცრად ქცეული ვერცხლის გამოსატანად – “ბავშვთა სამყარო” ხანძრიდან მე-9 დღეს

7 თებერვალი, 2017 • 6335
ნიჩბები ნაცრად ქცეული ვერცხლის გამოსატანად – “ბავშვთა სამყარო” ხანძრიდან მე-9 დღეს

სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” 9 დღის წინ დაიწვა, თუმცა დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი ამ დრომდე ელოდება განადგურებულ შენობაში შესვლას იმ იმედით, რომ ხანძრისგან გადარჩენილ ნივთებს გამოიტანენ.

ლეილა ბაქრაძე შენობაში შესასვლელად რიგს 10:00 საათიდან შვილთან ერთად ელის. როგორც დედა-შვილი ამბობს, ვინც სავაჭრო ცენტრში ვერცხლით ვაჭრობდა, პროდუქციას დახლზე ინახავდნენ. იქვე ჰქონდათ ჩანაწერებიც, სადაც ძვირფასეულობის აღრიცხვას ახდენდნენ, შესაბამისად, რა რაოდენობის ზარალი მიიღეს ხანძრის შედეგად, დედა-შვილი ზუსტად ვერ ამბობს. თუმცა ვარაუდობენ, რომ 12 000-დან 15 000 ლარამდე დაკარგეს:

“ახლა შევდივარ ჩემს დახლთან. სავარაუდოდ, ქვიშადაა ყველაფერი ქცეული, ჩამწვარია ეს დახლი მთლიანად. ვნახოთ, რა იქნება. ვინც გუშინ გამოიტანა, ქვიშაა, ნივთებიც აღარაა. არ ვიცი, რა მდგომარეობა იქნება,” – ამბობს ლეილა.

როგორც შენობასთან შეკრებილები ამბობენ, მათმა კოლეგებმა, რომლებმაც საკუთარი დახლები გუშინ დაათვალიერეს, რამდენიმე ჩემოდანი ნახშირი გამოზიდეს, თუმცა “ერთი კოვზი ვერცხლიც ვერ ამოიღეს იქიდან”.

დაზარალებული მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში დახლებიდან ხანძარს გადარჩენილი ნივთების გამოსატანად შესვლას ელოდებიან. ზოგი მადგანი შენობასთან ნიჩბით მივიდა 07.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დაზარალებული მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში, დახლებიდან ხანძარს გადარჩენილი ნივთების გამოსატანად, შესვლას ელოდებიან. ზოგი მათგანი შენობასთან ნიჩბით მივიდა 07.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

როგორც კიდევ ერთი დაზარალებული, ელზა სუბელიანი ამბობს, საცავით სარგებლობა ძვირი იყო, სივრცე კი, პატარა. ამის გამო “ბავშვთა სამყაროს” სეიფში მოვაჭრეები უფრო ძვირადღირებულ ლითონებს ინახავდნენ. მათი ქონება, ვინც სავაჭრო ცენტრის საცავით სარგებლობდა, ხანძარს გადაურჩა.

მანანა გიგაშვილი, რომელიც ვერცხლითა და ოქროთი ვაჭრობდა, ამბობს, რომ მისი ოქროულობაც გადარჩა განადგურებას, თუმცა ვერცხლის ნივთებთან შედარებით ოქრო გაცილებით ნაკლები ჰქონდა – ზარალიც დიდი მიიღო, თუმცა კომპენსაციაზე, როგორც ამბობს, საუბარი არც დედაქალაქის მერიისგან და არც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციისგან არ ყოფილა.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ,  “მერია ხელს შენობის უფროსობისკენ იშვერს – ვინც ქირას იღებდა, იმათ გადაიხადონო. ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ უბედური შემთხვევაა და სახელმწიფომ გადაიხადოსო. ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს და, შესაბამისად, კომპენსაციაზე ზედმეტია საუბარი”.

როგორც მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, მათ ერთადერთი იმედი მთავრობის დაპირებაა სესხების გადავადების შესახებ:

დაზარალებული მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში დახლებიდან ხანძარს გადარჩენილი ნივთების გამოსატანად შესვლას ელოდებიან 07.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დაზარალებული მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში დახლებიდან ხანძარს გადარჩენილი ნივთების გამოსატანად შესვლას ელოდებიან 07.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მფლობელებისა და მერიის მხრიდან კომპენსაციაზე საუბარი არ ყოფილა. გადავადება, რა თქმა უნდა, ძალიან პრიორიტეტული და აუცილებელია ახლა. ფიზიკურად მაინც ვერაფერს შევიტანთ და შეიძლება ჯარიმები დაგვაკისრონ, თუ ვერ გადავიხადეთ,” – ამბობს მანანა გიგაშვილი, რომელიც სავაჭრო ცენტრში ძვირფასი ლითონებით ვაჭრობდა. 

მათი მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ დაკარგული ქონებისა და სამსახურის ფონზე ვერც გადავადებული სესხების დაფარვას შეძლებენ:

მქონდა ბანკის სესხები, მიკროსაფინანსოების. ყველას ჰქონდა და ვიხდიდი გადასახდებს, მაგიდის გადასახადსაც. ეს ერთადერთი საარსებო წყარო იყო. 6 თვით გადაგივადებთო, მაგრამ რაღაც პროცენტი მაინც დაერიცხებაო. ეს არ ვიცი, როგორი შეღავათია. 6 თვის მერე ხომ არ გამდიდრდება ადამიანი და იგივე თანხას ხომ ვერ იშოვის, რა გეგმებიც აქ ჰქონდა?!” – ამბობს ლეილა ბაქარაძე. 

დაზარალებული მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში დახლებიდან ხანძარს გადარჩენილი ნივთების გამოსატანად შესვლას ელოდებიან 07.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

დაზარალებული მოვაჭრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში დახლებიდან ხანძარს გადარჩენილი ნივთების გამოსატანად შესვლას ელოდებიან 07.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

იმას, რომ მოვაჭრეებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა არ იგეგმება, სააქციო საზოგადოება “სავაჭრო სახლი – ბავშვთა სამყაროს” იურისტი, ვაჟა მაისურაძეც ადასტურებს:

“რაიმე მატერიალურ კომპენსაციაზე არანაირი საუბარი არაა, სხვა ტიპის შეღავათებზე კი გაჟღერებულია არაერთხელ,” – ამბობს იურისტი.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ აქვთ. 31 იანვარს, დაზარალებულების საკითხზე გამართული შეხვედრის ფარგლებში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მერიას სხვა ბაზრების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, რომლებმაც განაცხადეს მზადყოფნა, დაზარალებული მოვაჭრეები მიიღონ და სამიდან ექვს თვემდე გადასახადების გარეშე ფართი დაუთმონ.

თუმცა მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ მათ გასაყიდი აღარაფერი დარჩათ.

ბავშვთა სამყარო ხანძრის გაჩენიდან ცხრა დღის შემდეგ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბავშვთა სამყარო ხანძრის გაჩენიდან ცხრა დღის შემდეგ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ერთ-ერთი დაზარალებული, ლეილა ბაქრაძე ძვირფასი ლითონების სხვა ბაზრობაზეც წავიდა. როგორც ამბობს, ინსტინქტურად დახლის დასაქირავებლად ჩაეწერა, თუმცა შემდეგ გაიაზრა, რომ აღარაფერს ფლობს:

“ეს იყო წლობით ნაგროვები და წლობით აწყობილი საქმე. ყველაფრის გარეშე დავრჩი და მარტო ის, რომ მე ვიცი ნივთების ღირებულება და ფასი, არ მიშველის. ან თანხა უნდა მქონდეს, ან ნივთი უნდა მქონდეს. წავედი ერთ ადგილას, უნებურად, ინსტინქტურად ჩავეწერე, მაგრამ რომ დავფიქრდი – რა დავალაგო?”- ამბობს დაზარალებული.

სააქციო საზოგადოება “სავაჭრო სახლი – ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაცია ამ დროისთვის ექპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც დაადგენს, ექვემდებარება თუ არა დამწვარი შენობა აღდენას. ამის შემდეგ გაირკვევა, საჭიროა თუ არა კონსტრუქციის დემონტაჟი და როდის დაიწყება ეს პროცესი. როგორც ვაჟა მაისურაძე ამბობს, დიდი ალბათობით, შენობის აღდგენა ვერ მოხერხდება. ამჟამად კი პერიმეტრზე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად, შემოღობვითი სამუშაოები ტარდება, რომლის მიზანიც უსაფრთხოების დაცვაა.

ბავშვთა სამყარო ხანძრის გაჩენიდან ცხრა დღის შემდეგ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ბავშვთა სამყარო ხანძრის გაჩენიდან ცხრა დღის შემდეგ ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე


ხანძარი 30 იანვარს, დილის საათებში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (112-ზე) 30 იანვრის 04:10 საათზე შევიდა შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ და დაახლოებით 3 წუთში მივიდა პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი