მოვლენები
ფოტო: ნეტგაზეთი

კანონპროექტით, იპოთეკური სესხის პროცენტი სესხის ძირს არ უნდა აღემატებოდეს

მოქალაქე ნანა ქადაგიშვილი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლის მიზანი იპოთეკური სესხის პირობების დარეგულირება და კრედიტორისა და მოვალის უფლებრივი მდგომარეობის დაბალანსებაა.

კანონპროექტის თანახმად, უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ქონების მესაკუთრის მეუღლეს, სრულწლოვან შვილებს და  მშობლებს, თუ ისინი ამ მისამართზე არიან რეგისტრირებული.  ამასთან, კანონპროექტით, სანოტარო აქტში სავალდებულო უნდა იყოს საბანკო რეკვიზიტების მითითება, რომლის მეშვეობითაც მოხდება სესხის გაცემა და თანხების უკან დაბრუნება.

პროექტის მიხედვით, უნდა დადგინდეს უძრავი ნივთის აუქციონზე გაყიდვის პირობებიც. კერძოდ, აუქციონზე პირველად გატანისას უძრავი ნივთის საწყისი ფასი ნივთის ღირებულების 90% უნდა იყოს. თუ ნივთი არ გაიყიდა, 1 თვის ვადაში უნდა ჩატარდეს მეორე აუქციონი, სადაც ნივთის ფასი მისი ღირეუბლების 80 % იქნება. თუ მყიდველი ამ ჯერზეც არ გამოჩნდა, მესამე აუქციონზე ნივთის ფასი მისი ღირებულების 70 % იქნება.

კანონპროექტით, სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთს და არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 2 პროცენტს ყოველთვიურად. ხოლო სასესხო მაკლერზე მსესხებლის მიერ გადახდილი გასამრჯელო ითვლება გამსესხებლისთვის გადახდილ თანხაში.

” ჯამში, სესხის პროცენტი სესხის ძირითად თანხას არ უნდა აღემატებოდეს,” – აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გამსესხებელმა და სასესხო მაკლერმა უნდა გაიარონ  საგადასახადო რეგისტრაცია  და საგადასახადო დეკლარაცია წარადგინონ.

“უნდა  შეჩერდეს უკვე რეალიზებული ქონების [აუქცონზე შეძენილი, აუქციონის გარეშე შეძენილი, ნატურით მიღებული] სხვა, მესამე პირზე[კეთილსინდისიერ ] რეალიზაცია და უკვე რეალიზებული ქონებიდან გამოსახლების პროცესი ამ კანონის ამოქმედებამდე,” – აღნიშნულია კანონპროექტში.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არაუმეტეს 10 დღით.  საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.

თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო ის, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.

თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო ის, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.

ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.