1486389206435

2016 წელს პედოფილიისთვის 221 ადამიანი დაისაჯა

221 – ამდენი ადამიანი დაისაჯა გასულ წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, რომელიც დამნაშავეებმა 16 წელს მიუღწეველ პირებთან ჩაიდინეს. საერთო სასამართლოებში მკვეთრად იმატა ამ კუთხით საქმეების რაოდენობამ. მაგალითად, 2015 წელს სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მხოლოდ 103 პირი გასამართლდა.

ყველაზე მკვეთრი მატება დაფიქსირდა სისხლის სამართლის კოდექსის 111 -140 მუხლის დარღვევაზე, რაც გულისხმობს ოჯახის წევრთან სქესობრივ კავშირს, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას. თუკი 2015 წელს ამ მუხლით 42 პირის წინააღმდეგ გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 171-მდე გაიზარდა. ამათგან 167-ს სასამართლოებმა პირობითი მსჯავრი შეუფარდეს, ორმა პირმა ჯარიმა გადაიხადა, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი, დამნაშავე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაისაჯა [სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლის მიხედვით ოჯახის წევრად მიიჩნევა: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი [გერი], შვილობილი, მშვილობილის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი [დედობილი, მამობილი], მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ, ან ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.]

7-დან 18-მდე გაიზარდა იმ პირების რაოდენობა, ვისაც 16 წელს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენა დაუდასტურდა. სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი დარღვევის გამო საერთო სასამართლოებმა გასულ წელს 17 პირს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ერთს – პირობითი მსჯავრი.

გასულ წელს სასამართლოებმა ორ პირს შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა, ვინც 14 წელს მიუღწეველი პირი გააუპატიურა. 2015 წელს ამ დანაშაულის კატეგორიის გრაფა ცარიელია.

მონაცემი არ შეცვლილა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 138-3დ მუხლით გასამართლებულთა შემთხვევაში. ეს მუხლი გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ. 2015 და 2016 წლებში ამ დანაშაულისთვის თითო პირი მიუციათ პასუხისგებაში. ორივე მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასამართლომ.

„ამ მაჩვენებლით რთულია იმის თქმა, რომ დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა. სავარაუდოა, რომ გაიზარდა მისი გამოვლენის შემთხვევები,“ – ამბობს ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამინის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი. მისი აზრით, ეს ციფრები რეალობას არ ასახავს, რადგან სხვა ქვეყნებში სექსუალური ხასიათის დანაშაულის მაჩვენებელი ბევრად მაღალია.

„ჩვენ გვახსოვს წლები, როცა ეს დანაშაულები ნულოვანი იყო. მაღალჩინოსნები გვიმტკიცებდნენ, თითქოს ამ ტიპის დანაშაული საერთოდ არ ხდებოდა. ახლა შედარებით დადებითი ტენდენციაა ის, რომ გამოვლენა გაიზარდა, თუმცა ამის თქმაც რთულია, შესაძლოა, თავად დანაშაულებრივი ქმედების მაჩვენებელი გაიზარდა“, – გვიყვება ანა აბაშიძე.

უფლებათადამცველი  მიიჩნევს, რომ ძალოვანი უწყებები, პირველ რიგში, ანალიტიკურ კვლევებზე უნდა მუშაობდნენ. ფიქრობს, რომ ამ გზით შეიძლება გვქონდეს სრული სურათი, რასთან გვაქვს საქმე და პრევენციული ღონისძიებებიც დაიგეგმება: „ერთადერთი კვლევა, რაც მახსენდება, ჰქონდა პროკურატურას, რომელმაც გასული წლის დასაწყისში გამოაქვეყნა. ის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის დარღვევაზე იყო, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას 16 წელს მიუღწეველთან. გამოწვევები ჰქონდა ამ კვლევასაც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩანდა, რა ტიპის ადამიანები ჩადიან ამგვარ დანაშაულს, როგორ აღიქვამს ამას მსხვერპლი და ასე შემდეგ… სამწუხაროდ, საქართველოში კვლევები ამ მიმართულებით არ ტარდება და ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია“, – ამბობს ანა აბაშიძე, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვი“ ხელმძღვანელი.

საჯარო ინფორმაცია არასრულწოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებზე „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოსგან მიიღო.

1486389206435

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ავტორი