ახალი ამბები

მოქალაქე პარლამენტს წინადადებით მიმართავს, სამხედრო სამსახური ქალებისთვისაც სავალდებულო იყოს

6 თებერვალი, 2017 • 5283
მოქალაქე პარლამენტს წინადადებით მიმართავს, სამხედრო სამსახური ქალებისთვისაც სავალდებულო იყოს

მოქალაქე ირინე ბარბაქაძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და ითხოვს, რომ “სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა დედაკაცისთვისაც სავალდებულო გახდეს.”

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად,  სახელმწიფო [ქალებს] ხელს უწყობს, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების წესი; შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულ დროს მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ისე, რომ მეორე მხარე არ დაზარალდეს:

“თუმცა დედაკაცები მაინც სუსტ არსებებად რჩებიან. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში იგზავნებიან მხოლოდ მამაკაცები.”

პროექტის თანახმად, მისი მიღების მიზანია საქართველოს ჯარის გაძლიერება, ჯარის ბრძოლისუნარიანობის მომატება, საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება.

ჯარისქალი

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 18-დან 27 წლამდე ასაკის პირი, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და რომელსაც არ აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების საფუძველი, ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები.

სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;  პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;  პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;   ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას;  საქართველოს პარლამენტის წევრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი. სამხედრო ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა  მოქალაქე გიორგი კეკენაძის სარჩელი, რომელიც მიიჩნევდა, რომ არსებული სავალდებულო გაწვევის გამო კაცებს, ქალებისგან განსხვავებით, კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება ერღვევათ. შესაბამისად, ის კაცებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას მოითხოვდა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არაუმეტეს 10 დღით. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს ამ რეგლამენტის 152-ე და 153-ე მუხლების შესაბამისად. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.

თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო ის, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს.

თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო ის, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი