ახალი ამბები

ვიცემერის თქმით, ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა სამართლებრივი წესების დაცვით მოხდა

6 თებერვალი, 2017 • 2641
ვიცემერის თქმით, ნაზღაიძისთვის ქონების გადაცემა სამართლებრივი წესების დაცვით მოხდა

თბილისის მერის მოადგილის თქმით, “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის ყოფილი თავმჯდომარის, ნატა ნაზღაიძის ძმის, ზვიად ნაზღაიძისთვის, მიწის ნაკვეთი და ფინანსური ანაზღაურება მის მფლობელობაში არსებული ქონების სანაცვლოდ გადაეცა:

“თბილისის მერიის მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტაცია შედგენილია აბსოლუტურად სამართლებრივი წესების დაცვით და ჩარჩოებით. ამ მიწის ნაკვეთზე დაწყებული იყო გარკვეული აქტივობები, რომელიც გულისხმობდა იქ გარკვეული საინვესტიციო პროექტის განხორციელებას და იქ იყო ინვესტორის მხრიდან გარკვეული აქტივობები განხორციელებული” – ამბობს ვიცემერი “რუსთავი 2-ისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ირაკლი ლექვინაძის თმით, ნაზღაიძის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საინვესტიციო პროექტი უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც შესაბამისი აქტივობები უკვე დაწყებული იყო. გამომდინარე აქედან, სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს მიერ, დაახლოებით 972 000 ლარის ღირებულების ქონების სანაცვლოდ, მეპატრონეს სანდრო ეულის ქუჩაზე 5 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. მიწის ნაკვეთის ღირებულება დაახლოებით 515 000 ლარს შეადგენდა, დარჩენილი სხვაობა კი ნაზღაიძეს საბანკო ანგარიშზე დაერიცხა:

“სამართლებრივ ნაწილში აღნიშნულ პროცესს პრობლემა არ აქვს. ამიტომ დაინტერესებულ მხარეებთან, იგივე საკრებულოსთან მიმართებით, ჩვენი სამსახურები მზად არიან, ამ სამართლებრივ ნაწილზე განმარტებები გააკეთონ და კიდევ ერთხელ დეტალურად ახსნან, რა პროცესთან გვქონდა საქმე. არანაირი მნიშვნელობა კონკრეტულ გვართან  მიმართებით და კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებით ამ პროცესს არ აქვს ” –  თქვა ლექვინაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


გადაცემა “პოსტკრიპტუმის” ინფორმაციით, ნატა ნაზღაიძის ოჯახს, რომელმაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით,  თბილისის მერიამ თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა გადაუფორმა. მათივე ინფორმაციის თანახმად, 129 ათას ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათასი დოლარი- საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი