ახალი ამბები

სულხან სალაძე: ვასილ მაღლაფერიძის ხედვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს

6 თებერვალი, 2017 • 4821
სულხან სალაძე: ვასილ მაღლაფერიძის ხედვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს

“პირველ რიგში, ბორდი გააკეთებს განცხადებას. მეორე, ეს პროცესი და ამ თემაზე გადაწყვეტილება არ იქნება ერთ დღეში და ორ დღეში. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი”, – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ გააკეთა გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ, რომელიც მიეძღვნა არხის განვითარების გეგმის პრეზენტაციას.

“დღეს საბჭო იტყვის აუცილებლად, რომ ხსნის დისკუსიას ამ თემაზე, მოისმენს ყველა დაინტერესებული ჯგუფის მოსაზრებას, მათ შორის თანამშრომლებისას, და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ ამ შეხვედრების შემდეგ და არა მხოლოდ იმ წარმოდგენილი დოკუმენტებით, რომლებიც შემოვიდა სამეურვეო საბჭოში.

ხედვასთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს და, ცხადია, ამ შეკითხვების არსებობა უკვე ნიშნავს, რომ სრული და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მე მჭირდება მეტი ინფორმაცია. ასე რომ, დაველოდოთ, როგორც სამუშაო შეხვედრებს, ასევე, სამეურვეო საბჭოს სხდომებს, სადაც ამ საკითხების ღიად განხილვა მოხდება. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზეა საუბარი, არა მხოლოდ გადაცემების შეჩერებაზეა საუბარი, საუბარია ადამიანების ბედზე, შრომით სამართლებრივ ურთიერთობებზე”, – განაცხადა სულხან სალაძემ.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარმოადგინა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც დღესვე გაეგზავნა მაუწყებლის ბორდს. ეს გეგმა ითვალისწინებს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმციო პროგრამა “მოამბისა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი