ახალი ამბები

ეკა ბესელია: “რუსთავი 2” და ნიკა გვარამია სასამართლოს მიზანმიმართულად უტევენ

6 თებერვალი, 2017 • 2436
ეკა ბესელია: “რუსთავი 2” და ნიკა გვარამია სასამართლოს მიზანმიმართულად უტევენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, “რუსთავი 2” და ნიკა გვარამია სასამართლოს მიზანმიმართულად უტევენ.

“შეტევა ღიად, დაუფარავად და მიზანმიმართულად ხორციელდება.  ნიკა გვარამია არ ერიდება მოსამართლეებზე პირდაპირ შეტევას. ეს სასამართლოზე ზეწოლის განხორციელების კლასიკური მაგალითია,” – ამბობს ეკა ბესელია.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განცხადებას, რომლის მიხედვით, მათზე ზეწოლას ცდილობენ, დეპუტატის თქმით, გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

“რჩება განცდა, რომ რუსთავი 2”-ის ხელში ჩასაგდებად “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით ორი პოლიტიკური ჯგუფი იბრძვის და ეს ღია ტიპის ბრძოლაა მათ შორის. ახლა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა არასამართლიანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს,” – აღნიშნავს ბესელია.

ეკა ბესელია ფიქრობს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის ირგვლივ უამრავი მასალა გავრცელდა, რასაც გამოძიება სჭირდება:

“მძიმე სისტემასთან გვქონდა საქმე წარსულში, რომელიც დღესაც ცდილობს თავისი გავლენის შენარჩუნებას. ყველა ველოდებით გამოძიების დასკვნებს ცალკეული დანაშაულებრივი ინფორმაციის შესახებ.  პოლიტიკური შეფასება ყველას შეუძლია გააკეთოს, მაგრამ სამართლებრივი დასკვნა გვჭირდება, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში რომ არ ეტევა, უდავოა. ძალიან კარგად ჩანს, რა არის მიმდინარე პროცესების მიზანი და ამოცანა,” – ამბობს ბესელია.

დღეს ვებ-გვერდზე “უკრაინული რევოლუცია” გამოქვეყნდა აუდიო ჩანაწერი, რომელიც რედაქციის ცნობით, ასახავს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საუბარს საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან, რომელიც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული და მასზე ქვეყანას ძებნა აქვს გამოცხადებული.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, ნიკა გვარამია დახმარებას სთხოვს ზურაბ ადეიშვილს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩანაწერში ადეიშვილი მოიხსენიებს მოსამართლე (ბესარიონ) ალავიძეს და კიდევ ერთ მოსამართლეს, რომლის სახელსა და გვარს არ ასახელებს, ასევე, ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაიწყო თანხების მოძიება და ეს “ძვირი დაჯდება”, მაგრამ მალე გადაწყდება. გვარამია პასუხობს, რომ სულ რაღაც 3 მილიონ აშშ დოლარზეა საუბარი. გვარამია, ასევე, აცხადებს: “ახვლედიანმაც [საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე მამუკა ახვლედიანზე – რედ.] მაგაზე ბევრად უფრო ძვირი ფასის სამუშაო შეასრულა”.

5 თებერვალს გადაცემა “პოსტკრიპტუმში” ნაჩვენები სიუჟეტის მიხედვით,  ნატა ნაზღაიძის ოჯახს, რომელმაც “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის დადგენილებით,  თბილისის მერიამ თბილისის ცენტრში 515 ათას ლარად შეფასებულ 5000 კვადრატული მეტრი მიწა გადაუფორმა. მათივე გავრცელებუ;ლი ინფორმაციის თანახმად, 129 ათასი ლარი მერიამ ნაზღაიძეს ბანკში კრედიტის დასაფარად მისცა, კიდევ 43 ათასი დოლარი- საბანკო ვალდებულების გასასტუმრებლად, დამატებით 220 ათას ლარს კი ბანკში იმ ანგარიშზე ჩაურიცხავს, რომელსაც მოსამართლის ძმა ზვიად ნაზღაიძე დაასახელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეებზე ზეწოლაში სუს-ი დაადანაშაულა.

ნიკა მელიას ნათქვამს სუს-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოკლებულია საფუძველს. სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვას ითხოვს. ამასთან, მიმართავს პრეზიდენტს და სთხოვს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, უშუალოდ ჩაერთოს ამ საქმეში და გამოძიებას თვალყური  მიადევნოს. უმცირესობა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრასაც გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი