ახალი ამბები

რას მოითხოვენ რუსთავის #16 დაწესებულების პატიმრები

1 ნოემბერი, 2012 • 1015
რას მოითხოვენ რუსთავის #16 დაწესებულების პატიმრები

რუსთავის #16 დაწესებულებაში გუშინ, 31 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ორგანიზაციების – “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის”(GCRT) და “ციხის საერთაშორისო რეფორმის” წარმომადგენლები.

 

აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს, “ა”, “ბ” და “გ” კორპუსებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, აგრეთვე, დაწესებულების შესასვლელთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს. 

 

საიას ცნობით, პატიმრებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ დაწესებულების ახლად დანიშნული დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას მუქარის სახით, რასაც  კატეგორიულად უარყოფს დაწესებულების დირექტორი. იგი ასევე აცხადებს, რომ დაწესებულებაში იმყოფებიან ე.წ. “მაყურებლები“, რომლებსაც სურვილი აქვთ მოიპოვონ გარკვეული პრივილეგიები,  თუმცა არ აპირებს მათთან უკანონო დათმობებზე წასვლას.  

 

პატიმრების განცხადებით, მათი ნეგატიური დამოკიდებულება, აგრეთვე, გამოიწვია ამჟამინდელი დირექტორის სამართალდამცავ ორგანოებში მისი ადრინდელი საქმიანობის პერიოდში განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა, რომელიც უშუალოდ შეეხო ამჟამად  რუსთავის #16 დაწესებულებაში მოთავსებულ 50–მდე პატიმარს. 

 

პატიმრების პროტესტი ასევე უკავშირდება დაწესებულების ტერიტორიაზე ძველი თანამშრომლების გამოჩენას, რომლებიც, მათი განცხადებით, პატიმართა მიმართ ახორციელებდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები.

 

აღნიშნული დაწესებულების დირექტორი არის ორი დღის დანიშნული და როგორც თავად აცხადებს, გეგმავს ძველი თანამშრომლების შეცვლას, რისთვისაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

 

პატიმართა განცხადებით, კვლავაც პრობლემურია ჯანდაცვის, დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების, პრესის ხელმისაწვდომობის საკითხები. 

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელობას, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ შექმნილი ვითარება თავისუფლების აღკვეთის #16 დაწესებულებაში; აგრეთვე, იმედოვნებენ, რომ დაწესებულებაში შენარჩუნდება სიმშვიდე და წესრიგი და სათანადო ყურადღება მიექცევა პატიმართა პრეტენზიებს. მათი განცხადებით, შეინიშნება პატიმრებთან ადმინისტრაციისა და უწყების მხრიდან კომუნიკაციის დეფიციტი. 

 

რუსთავის #16 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მიაწოდონ დაწესებულებაში არსებული პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაცია, იმ თანამშრომელთა სია,  რომლებიც პატიმართა მტკიცებით მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში და კვლავაც რჩებიან დაწესებულებაში, აგრეთვე, პატიმართა მიერ მოწოდებული საჩივარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი