ახალი ამბები

საქართველოს ავიაციის წარმომადგენლები ბოლო წლებში შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ

1 ნოემბერი, 2012 • 1351
საქართველოს ავიაციის წარმომადგენლები ბოლო წლებში შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ

როგორც კოდუა აცხადებს, წინა ხელისუფლების პირობებში ქართულ ავიაკომპანიებს ხელოვნური ბარიერები ექმნებოდათ:

“უამრავი პრობლემა დაგროვდა საქართველოს ავიაციაში, ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ საქართველოს ავიაცია, რომელიც დღესდღეობით დაშლილია, ავიაკომპანიები ცალკე მუშაობენ, ნავიგაცია ცალკე, მაშინ, როცა ქვეყანაში ერთი საერთო ავიაციაა და ურთიერთქმედება კოორდინირებულად უნდა ხდებოდეს. ჩვენთან არ არსებობს სამაშველო სამსახური, რომელიც უფრო გააძლიერებდა საქართველოს სტატუსს უსაფრთხოების საკითხში, ბოლო წლებში მიიღეს უამრავი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დარგს განვითარების საშუალებას არ აძლევს”, – აცხადებს გიორგი კოდუა.

მისი თქმით, საქართველოს ავიაციას პრობლემები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ შეექმნა, რადგან საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი დაკარგა:

“ჩვენ უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი 2008 წლის ომის შემდეგ დავკარგეთ. ამიტომ როდესაც ავიაკომპანიები მიფრინავენ ევროპიდან შორეულ აზიაში, ირჩევენ სხვა ქვეყნებს სატრანზიტოდ, მიუხედავად ჩვენი კარგი მდებარეობისა, რადგან ახლა სადაზღვევო კომპანიები ჩვენი გავლით ტრასის ორმაგად აზღვევინებენ. ძალიან მნიშვნელოვანია კვლავ დავიბრუნოთ უსაფრთხო ქვეყნის სახელი”, – აცხადებს კოდუა.

მისი თქმით, ავიაციაში არსებულ პრობლემებზე წინა ხელისუფლების პერიოდშიც საუბრობდა, თუმცა ამას მის პირად ინტერესებს უკავშირებდნენ:

“წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა ჩემი და ჩემი ავიაკომპანიის შავი პიარი, მე მქონდა ავიაკომპანია sky Georgia, რომელიც სრულიად გაურკვეველი მიზეზების შეაჩერეს. განცხადებები იყო თითქოს მე ვუქმნიდი მგზავრებს საფრთხეს მაშინ, როცა მგზავრები საერთოდ არ გადამყავდა. მე ვემსახურებოდი ნატოს და გადამქონდა მათი ჯარების ტვირთი, აქედან მიღებული შემოსავალი კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ეკონომიკისთვის.”, – აცხადებს კოდუა.

ახლად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების” წევრთა განცხადებით, ქართული ავიაკომპანიების ინტერესები არც თბილისის აეროპორტის აშენებისას გაუთვალისწინებიათ, რომელსაც სულ სამი გეითი აქვს და აქედან ქართულ ავიაკომპანიებს მხოლოდ ერთი ემსახურება:

“სამარცხვინოა ის, რაც ქართულ ავიაციაში ხდება, მთელი ცხოვრება ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ჩემი პენსია სამარცხვინო 107 ლარია, ეს არც ერთ ქვეყანაში არ მოხდება. ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი, საერთო პრობლემებია და მიუხედავად იმისა, გაგვაჩნია თუ არა ჩვენ პირადი სიმპათიები ერთმანეთის მიმართ, ამ პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გავერთიანდეთ”, – აცხადებს საქართველოს მფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტი ალბერ ნურბეგიანი.

გიორგი კოდუას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად 7 დამფუძნებლისა და 25–მდე წევრისგან შედგება, შეეცდება ამ პრობლემების მოგვარებას:

“წინა ხელისუფლების სტრატეგია იყო, რომ რაც ნაკლები ავიაკომპანია იფრენს, მით უფრო უსაფრთხოდ იქნება ხალხი. ამის მაგალითი ისიცაა, რომ თუ ათი წლის წინ 13 ქართული ავიაკომპანია ფუნქციონირებდა, ახლა 3–4 დარჩა. აქამდე ასეთი ორგანიზაცია არ არსებობდა და კომპანიებს თავად უხდებოდათ სახელმწიფო უწყებებთან პრობლემების მოგვარება, ახლა კი ჩვენ შევეცდებით მივიტანოთ ეს პრობლემები ახალ ხელისუფლებამდე”, – აცხადებს კოდუა.


მასალების გადაბეჭდვის წესი