ახალი ამბები

ომბუდსმენი: შაჰინის სკოლის დახურვაზე შესაძლოა თურქეთმა მოახდინა გავლენა

6 თებერვალი, 2017 • 2272
ომბუდსმენი: შაჰინის სკოლის დახურვაზე შესაძლოა თურქეთმა მოახდინა გავლენა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებაზე თურქეთმა გავლენა მოახდინა.

,,არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მცდელობები იყოს, ისევე, როგორც მეზობელ სახელმწიფოებში მსგავს დაწესებულებებებთან დაკავშირებით. შესაძლოა, აქაც ჰქონდეს ადგილი გარკვეულ მცდელობებს, რომ მოახდინონ გავლენა მსგავს ინსტიტუტების დახურვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესები არ უნდა აისახოს საქართველოში კანონის შესაბამისად მოქმედ დაწესებულებებზე.

,,ჩვენთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა რამდენიმე დღის წინ. ეს მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, მით უმეტეს, რომ თვეების წინ იყო ამაზე საუბარი. ანალოგიურად, განათლების მინისტრის მხრიდან. ის პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება, არ უნდა აისახოს ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არიან რეგისტრირებული, აქვთ ლიცენზია და მოქმედებენ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ამ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესი მაღალია და უნდა გაგრძელეს მუშაობა იმ კუთხით, რომ არავის შეეზღუდოს მსგავსი საქმიანობის უფლება,”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს სწავლობს.

3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაცია შეუჩერა შაჰინის სკოლას მოსწავლეების მიღების საკითხის გამო.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.

2016 წლის აგვისტროში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშნვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: “კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი