ახალი ამბები

დარახველიძემ დევნილები მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ გააფრთხილა

31 ოქტომბერი, 2012 • • 1157
დარახველიძემ დევნილები მოსალოდნელი გამოსახლების შესახებ გააფრთხილა

დავით დარახველიძის თქმით, შექმნილია კომისიები, რომლებიც პერსონალურად სწავლობენ იმ ოჯახების მდგომარეობას, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მასობრივად დაიწყეს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ქონებებში თითნებურად შეჭრა და საცხოვრებელი ადგილის დაკავება. მინისტრის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მოვლენათა გამოძიება.

 

დავით დარახველიძე
დავით დარახველიძე

“ამ მდგომარეობით შეწუხებულნი არიან თვითონ დევნილები და საზოგადოების სერიოზული ნაწილი, რომლებიც ხვდებიან, რომ აქ გარკვეულ ორგანიზებულ ძალასთან გვაქვს საქმე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითბონ სხვების გაჭირვებაზე, არიან თაღლითები. გვაქვს კონკრეტული გვარები, გრძელდება ინფორმაციის მიღება, თავად დევნილები გვაწვდიან ამ ინფორმაციას. ერთი მხრივ, აუცილებლად გამოვავლენთ თაღლითებს, ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ მსგავს სიტუაციაში ხელის მოთბობას და რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართები, ცდილობენ ახალი საცხოვრებლები მიიღონ, გადაყიდონ, ან გააქირავონ. ასევე, გამოვლინდებიან ის ოჯახები, რომლებსაც მართლა აქვთ პრობლემა და მათ მოსაგვარებლად სერიოზულად ვიფიქრებთ. თუმცა, მინდა მივმართო დევნილებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მათ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, არ არის გამოსავალი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი ქმდება. ეს პრობლემები მყისიერად ვერ მოგვარდება, ამიტომ მინდა ვთხოვო, ნუ გააგრძელებენ შენობების დაკავებას. ჩვენ ვცდილობ მაქსიმალურად ცივილური ურთიერთობა გვქონდეს მათთან, მაგრამ როდესაც  დანაშაულის ნიშნები გაცდება ყოველგვარ ზღვარს, მაშინ სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იძულებული იქნება, დაიცვას დანარჩენი დევნილების, დანარჩენი მოსახლეობის ინტერესები”, – განაცხადა ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ.

 

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები თვითნებურად დაკავებული შენობების დატოვებაზე სხვადასხვა პირობის სანაცვლოდ უარს განაცხადებენ, მინისტრი პასუხობს: 

 

“ვისაც დაუმტკიცდება დანაშაული, ვისაც აქვს საცხოვრებელი ფართი და მეორედ ცდილობს ამის გაკეთებას, რა თქმა უნდა, მათი გამოყვანა მოხდება ცივილიზებული ფორმით”.

 

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა ბედი ელით იძულებით გადაადგილებულ იმ პირებს, რომლებიც უკვე 10 წელზე მეტია ცხოვრობენ კომპაქტურ დასახლებებში და რომლებსაც არც საცხოვრებელი აქვთ დაკანონებული და მათთვის ალეტრნატიული ფართიც არავის შეუთავაზებია.

 

მინისტრის თქმით, კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს, რომელბსაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს ფართის დაკანონებას სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან ზოგი შენობა ავარიულია, ზოგს მესაკუთრე არ თმობს, ზოგი კი სტრატეგიული ობიექტია, სახელმწიფო უახლოეს წლებში მოუგვარებს აღნიშნულ პრობლემას.

 

დავით დარახველიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2013–2014 წლებში შეეცდება, რომ მსგავს კომპაქტურ დასახლეებბში მცხოვრებ დევნილებს ან ფართი დაუკანონოს, ან ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი