ახალი ამბები

ბათუმში შაჰინის სკოლას შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

4 თებერვალი, 2017 • 9363
ბათუმში შაჰინის სკოლას შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

დღეს, 4 თებერვალს, 15  საათზე ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირეტორი ელგუჯა დავითაძე პრესკონფერენციას მართავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკითხი შეეხება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ოფიციალური საბუთი ავტორიზაციის შეჩერებაზე არ მიუღიათ, თუმცა სკოლაში შიშობენ, რომ შესაძლოა ასე მოხდეს.

სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემოწმების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი სკოლაში ორჯერ შევიდა:

„გასულ წელს მოითხოვეს თურქული სექტორის გაუქმება. ბრძანების შესაბამისად წელს თურქული სექტორი გაუქმდა. 10 მოსწავლე გადმოვიდა ქართულ სექტორში და 85 მოწავლე საერთოდ გავიდა სკოლიდან. ეს ათი მოსწავლე თითქოს პრობლემას უქმნიდა დანარჩენ 350 ბავშვს. მათ აღირება არ გაუკეთებიათ, რადგან არ ჩაგვითვლია საჭიროდ, ჩვენი სკოლის მოსწავლეს ისევ ჩვენს სკოლაში მოსასვლელად აღიარება გაეკეთებინა. ეს ჩათვალეს დანაშაულად.  სკოლას მატერიალური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ აქვს“, – უთხრა ბათუმელებს“ სკოლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

„ბათუმელებმა“ აჭარის და საქართველოს განათლების სამინისტროებს მიმართა ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა ამ დრომდე ვერ მივიღეთ პასუხი, უჩერდება თუ არა შაჰინის სკოლას ავტორიზაცია.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.

2016 წლის აგვისტროში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშნვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა, სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: “კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.

ამავე თემაზე: 

„არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია“ – სკოლები, როგორც პოლიტიკური სამიზნე

თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს

აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰინის სკოლის შესახებ

შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები თურქეთის კონსულის განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი