ია ანთაძე “რეალურ სივრცეზე”: მაინცდამაინც ამ გადაცემას არავინ ერჩის

“ორშაბათს, პრესკონფერენციის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა დარწმუნდებით, რომ მაინცდამაინც ამ გადაცემას არავინ ერჩის”, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ 3 თებერვალს მაუწყებლის გადაცემა “რეალურ სივრცესთან” დაკავშირებით.

ია ანთაძე, რომელმაც ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს ჯერჯერობით არ უპასუხა, მოკლე პოსტს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:

“რამდენიმე ადამიანმა მომწერა “რეალურ სივრცესთან” დაკავშირებით. ორშაბათს, პრესკონფერენციის შემდეგ, აბსოლუტურად ყველა დარწმუნდებით, რომ მაინცდამაინც ამ გადაცემას არავინ ერჩის. პირიქით, ხმაური იმიტომ ატყდა, რომ სწორედ ნინო ზაუტაშვილს და მისი გუნდის წევრებს არაერთხელ დავუდასტურეთ პატივისცემა. მათ შორის, ბოლოს გუშინწინ, როცა სრულიად გულწრფელად და მშვიდად ვისაუბრეთ “რეალური სივრცის” გუნდის ლიდერებთან. იმ დღის შემდეგ კი არაფერი შეცვლილა”, – წერს ია ანთაძე.

ამავე თემაზე: პროტესტი ინტერნეტში “რეალური სივრცის” მხარდასაჭერად


რა ვიცით აქამდე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალური სივრცის” შესაძლო დახურვის ან მისი ფორმატის შეცვლის, ისევე როგორც მაუწყებლის თანამშრომლების მასობრივად დათხოვნის  შესახებ ინფორმაცია ბოლო ორი დღეა ვრცელდება

მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მამაღლაფერიძე GPB–ის განვითარების გეგმას ორშაბათს, 12:00 საათზე მედიას წარუდგენს, ხოლო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განვითარების  გეგმის ოფიციალურ დოკუმენტს გადასცემენ განსახილველად.

3 თებერვალს კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელიც 12 ორგანიზაციას აერთიანებს, ამ თემაზე საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

“კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს, თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ. 

კოალიციამ მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორშაბათს მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრის საჯაროობისკენ, თუმცა ამის შემდეგ დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა და არხის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მაუწყებლის განვითარების ხედვას მედიას წარუდგენს, სამეურვეო საბჭოს კი წერილობით გაუგზავნის. 

მედიის კოალიციამ იანვარშიც გაავრცელა კრიტიკული განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევა დააზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოსთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვა პოლიტიკური გავლენისაგან, – განაცხადა 6 იანვარს კოალიციამ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე 6 იანვარს აირჩიეს. მაუწყებელს ის მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკურ მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები საზოგადოების ნაწილს სწორედ ამ გარემოების გამო აქვს.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი