ახალი ამბები

საპატრიარქო უვიზო რეჟიმზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოსახლეობას ულოცავს

3 თებერვალი, 2017 • 6457
საპატრიარქო უვიზო რეჟიმზე მიღებულ გადაწყვეტილებას მოსახლეობას ულოცავს

“მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისა. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაფასება და აღიარება, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გამოცდაც”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქო საქართველოს მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე მიღებულ გუშინდელ გადაწყვეტილებას ულოცავს:

“ჩვენმა ხალხმა უნდა იგრძნოს მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისა, რომ ევროსივრცეში ღირსეულად წარმოაჩინოს თავი, რადგან ყოველი ჩვენი ქმედება მეტყველებს როგორც ჩვენს პიროვნებაზე, ისე ჩვენს სამშობლოზე.

ჩვენი ვალია ისიც, რომ ვეცადოთ, არა მარტო ჩვენ შევითვისოთ და გამოვიყენოთ ის ღირებული, რითაც ხასიათდება ეს გარემო, არამედ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ მის განვითარებაში; ეს კი შესაძლებელი იქნება, თუ ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიასა და ტრადიციებს გავაცნობთ და გავუზიარებთ ევროპას.

ასე რომ, ასპარეზი დიდია და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს.

ყველას გილოცავთ ამ მიღწევას და შევთხოვთ ღმერთს, რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და კეთილდღეობა მოგვმადლოს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი