ახალი ამბებიკომენტარი

ძველიშვილი: სამეურვეო საბჭომ GPB-ის მენეჯმენტთან კრიტიკული შეკითხვები უნდა დასვას

3 თებერვალი, 2017 • 8198
ძველიშვილი: სამეურვეო საბჭომ GPB-ის მენეჯმენტთან კრიტიკული შეკითხვები უნდა დასვას

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” დაგეგმილი შესაძლო ცვლილებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმაა დაგეგმილი და 2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებია მოალოებული:

“ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე საჭიროა და ამის შესახებ კოალიციაც არაერთხელ აღნიშნავდა. მათ შორის, შესაძლებელია საჭირო იყოს გადაცემების დახურვაც, ცვლილებაც, ფორმატის შეცვლაც და ა.შ. თუმცა ყველა ეს ცვლილება და გეგმა უნდა იყოს დასაბუთებული. თუ დაიხურება რომელიმე გადაცემა, საჭიროა არგუმენტაცია, რატომ დაიხურა, რით გამოირჩა ის სხვა გადაცემებისგან და ალტერნატოვა რა იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იგივე “რეალური სივრცე” თუ დაიხურება, მასზე უკეთესი გადაცემა გავა ეთერში და ეს გარანტიები ჯერჯერობით არ არსებობს”,- ამბობს ძველიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ცვლილებები ეტაპობრივად, ახალი გადაცემების ტესტირების და პილოტირების რეჟიმში უნდა განხორციელდეს:

“ცვლილება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, როგორც ხდება ხოლმე, გადაცემების ფორმატის ცვლილება, ჩანაცვლება და ა.შ. რომ ეს პროცესი მიდის პერიოდულად და უმტკივნეულოდ. როცა დატესტავ გადაცემას, არის თუ არა მისაღები საზოგადოებისთვის, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს და მერე იწყებ უკვე ერთი გადაცემის მეორით ჩანაცვლებას. ეთერიდან რომ ჩახსნი რამდენიმე გადაცემას და მერე იფიქრებ, რომ ეს გადაცემა აუცილებლად კარგი იქნება, ცხადია, ეს არ არის დამაჯერებელი და ამაზე არავინ არ იქნება თანახმა. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას თვითონ შიგნით, საზოგადოებრივ მაუწყებელშიც”,- ამბობს ძველიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, კითხვის ნიშნებია არხის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც, რადგან სამეურვეო საბჭომ ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა:

“ახლა ეს პროცესიც თავიდან იქნება გასავლელი. თუ გადაცემები არ იქნება, შესაბამისად, ბიუჯეტი მას არ დასჭირდება. აქაც ბევრი კითხვის ნიშანია, რას და როგორ აპირებენ. მგონია, რომ ამ პროცესში სამეურვეო საბჭომაც თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და  ბორდის წევრებმა ძალიან კრიტიკულად შეკითხვები უნდა დასვან მენეჯმენტის მიმართ”.

მომავალ კვირაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრის გამართვას გეგმავდა, თუმცა სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის განცხადებით, შეხვერა აღარ შედგება. ხოლო მაღლაფერიძის მრჩეველი ია ანთაძე ამბობს, რომ ორშაბათს, 6 თებერვალს, ვასილ მაღლაფერიძე არხის განვითარების გეგმას მედიას წარუდგენს. გულისხმობს თუ არა არხის განვითარების ახალი გეგმა არსებული გადაცემების შეჩერებას ან გაუქმებას? – მაღლაფერიძე ამ კითხვას არ პასუხობს, თუმცა თავად არხზე გადაცემების შეჩერების მოლოდინი არსებობს. “საზოგადოებრივ მაუწყებელში” დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს, 3 თებერვალ კოალიციამ “მედია ადვოკატირებისთვის” განცხადება გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი