#იმოქმედე – ახალი კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტრო სოციალურ კამპანიას იწყებს, რომელსაც “#იმოქმედე” უწოდეს.

კამპანიის ფარლგებში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა სამი ვიდეოკლიპი, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 3 თებერვალს გაიმართა.

ერთი ვიდეოკლიპი ეხება ქალზე ძალადობას, მეორე – კაცზე ძალადობას, ხოლო მესამე – ბავშვზე ძალადობას. სამივე კლიპში საუბარია, რომ ოჯახში ძალადობა თეატრი ან ფილმი არ არის და საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს. ეს კლიპები ნაციონლურ ტელეარხებზე გაზაფხულიდან გავა.

ეს სოციალური კამპანია მოჰყვა საკანონმდებლო პროცესს, რომლითაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სტამბულის კონვენციის რატიფიცირებისთვის 20-მდე კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პარლამენტს კონვენციის რეტიფიცირებაზე ჯერ არ უმსჯელია. საკანონმდებლო დონეზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვის უფრო მეტი გარანტიების უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და ომბუდსმენმა კონვენციის რატიფიცირება არაერთხელ მოითხოვეს.

“მთავრობა იყო ერთსულოვანი, რომ სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია მოხდეს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში გაძლიერდეს არა მხოლოდ ქალის მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ თითოეული ბავშვი, მოხუცი იქნება ეს, ქალი თუ მამაკაცი, დაცული იყოს ოჯახში ძალადობის ფაქტებისგან,”-  განაცხადა თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კამპანიის პრეზენტაციას მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც დაესწრნენ.

“საფარის” ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კანონში ცვლილებების შეტანა არ არის საკმარისი და ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ როგორ აღასრულებს სახელმწიფო შეცვლილ კანონმდებლობას. პატარაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროცესში სამართალდამცავების როლი.

თეა წულუკიანის თქმით, ეცდებიან, რომ კამპანიის გზავნილები საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიაწოდონ.

სამინისტროს განცხადებით, გეგემავენ:

  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს და მათთვის იმ სიახლეების განმარტებას, რასაც ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს.
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრმა შეიმუშავოს სატრენინგო მოდული, რომელიც 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და ყველა იმ სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრია, შეხვედრებს, ტრენინგსა და დისკუსიას გულისხმობს.
  • გამოაცხადოს კონკურსები, მათ შორის, ძალადობის თემაზე საუკეთესო პოსტერის და ქუჩის ინსტალაციის გამოსავლენად.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი