ახალი ამბები

გზის გადაკეტვის გამო პოლიციამ “ბავშვთა სამყაროს” ორი მოვაჭრე ადმინისტრაციული წესით დააკავა

3 თებერვალი, 2017 • 5357
გზის გადაკეტვის გამო პოლიციამ “ბავშვთა სამყაროს” ორი მოვაჭრე ადმინისტრაციული წესით დააკავა

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო პოლიციამ “ბავშვთა სამყაროს” ორი მოვაჭრე ადმინსიტრაციული წესით დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მოვაჭრეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, და 250 ლარიდან 2000 ლარამდე ჯარიმას, ან 15-დღიან ადმინსიტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

დღეს, 3 თებერვალს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და ვიზუალური დაკვირვებით დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია:

“არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ობიექტზე სასწრაფოდ განსახორციელებელია გარკვეული სახის სამუშაოები, უპირველესად კი, რისკ-ზონების განეიტრალება.  მერიამ უკვე მიმართა წერილით სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას და უმოკლეს ვადებში ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება დაავალა. შენობის შემოღობვა აუცილებელია, რათა ტერიტორიაზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამოირიცხოს უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. მოგვიანებით კი, 18:00 საათისთვის, შენობის პირველ სართულზე ცეცხლი ისევ აალდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს, დაზარალებულ მოვაჭრეებს, რომლების ძვირფას ლითონებს შენობის საცავში ინახავდნენ, საკუთარი ნივთების გამოტანის უფლება მისცეს. დაზარალებულები შენობაში პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თანხლებით შედიოდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი