49250

ქორიძე: საკონსტიტუციო ცვლილებების და არჩევნების ფონზე არ შეიძლება GPB უფუნქციო იყოს

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ განცხადება, რომელიც კოალიციამ “მედია ადვოკატირებისთვის” საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დღეს, 3 თებერვალს გააკეთა, ერთი მხრივ, პრევენციული ხასიათისაა, რათა ცვლილებების პროცესი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გაუმჭვირვალედ არ დაიწყოს, მეორე მხრივ, კოალიცია ხაზს უსვამს, რომ ამგვარი პროცესები არ შეიძლება საზოგადოებისგან ჩუმად ხდებოდეს, როცა დაინტერესბული ჯგუფები არ არიან ინფორმირებული არხზე მიმდინარე მოვლენების შესახებ:

“ბუნებრივია, მოვიდა ახალი დირექტორი, რომელსაც ახალი ხედვა აქვს, მაგრამ მან ეს ხედვა საზოგადოებას უნდა გააცნოს. ეს ხედვა მას არ ჩამოუყალიბებია არც სამეურვეო საბჭოსთან დისკუსიის დროს, როცა მას ირჩევდნენ, და არც შემდეგ. ამიტომ აუცილებელია გენერალურმა დირექტორმა ეს პოზიცია არხის განვითარებასთან და პროგრამირებასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბოს და გახადოს საჯარო. კოალიცია საუბრობს იმაზე, რომ თუ ეს საკითხები არ იქნება ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ნაცნობი, მანამდე აუცილებელია, რომ არხის ხელმძღვანელობამ თავი შეიკავოს დღეს არსებული პროგრამების დახურვისგან, ან რაიმე ტიპის მოდიფიკაციისგან. მით უმეტეს, ისეთი პროგრამების, რომლებსაც სანდოობის მაღალი მაჩვენებელი აქვს, მაყურებელიც ჰყავს და ამინდს ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში”,- ამბობს ქორიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მომავალ კვირაში “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრის გამართვას გეგმავდა, თუმცა სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის განცხადებით, შეხვედრა აღარ შედგება. ხოლო მაღლაფერიძის მრჩეველი ია ანთაძე ამბობს, რომ ორშაბათს, 6 თებერვალს, ვასილ მაღლაფერიძე არხის განვითარების გეგმას მედიას წარუდგენს. გულისხმობს თუ არა არხის განვითარების ახალი გეგმა არსებული გადაცემების შეჩერებას ან გაუქმებას? – მაღლაფერიძე ამ კითხვას არ პასუხობს, თუმცა თავად არხზე გადაცემების შეჩერების მოლოდინი არსებობს.

დღევანდელ განცხადებაში ასევე საუბარია იმ პოლიტიკურ ფონზე, რომელიც ამჟამად ქვეყანაშია. 2017 წელს ტარდება თვითმმართველოვის არჩევნები და მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა:

“აღვწერეთ ის ფონი, რომელიც ობიექტურად არსებობს ქვეყანაში, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებების გარემო და ვხედავთ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, და ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი და ამ დროს საზგადოებრივი მაუწყებელი არ შეიძლება იყოს უფუნქციო და პროგრამებისგან დაცლილი, ისევე, როგორც თვითმართველოის არჩევნების დროს. საარჩევნო წელია და საარჩევნო პროცესი უკვე პრაქტიკულად მიმდინარეობს. ამ დროს არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს პასიურ მდგომარეობაში. არ შეიძლება, რომ მან საკუთარი მაყურებელი ინფორმაციის, დებატის, დისკუსიის გარეშე დატოვოს. ამიტომაც მგონია, რომ ასეთი ხისტი ჩარევა პროგრამირების სფეროში იქნება ძალიან ცუდი”, – ამბობს ქორიძე.

ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com