ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პასპორტების გარეშეც მოგზაურობენ

3 თებერვალი, 2017 • 1749
ოსური მხარე აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართული პასპორტების გარეშეც მოგზაურობენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების შემდეგ, ქართული მხარის შეთავაზებას ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ოსური მხარეც გამოეხმაურა. ინფორმაციას რუსეთის სააგენტო სპუტნიკი ავრცელებს:

“საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება, მათ შორის სავიზო და უვიზო ურთიერთობები, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხება და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე არ ვრცელდება”.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები კანონიერ საფუძველზე ფლობენ რუსეთის მოქალაქეობას და რუსულ დოკუმენტებს, რომლითაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა შეუძლიათ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2017 წლის 2 თებერვალს დაუჭირა.

აფხაზებისთვის და ოსებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის გამოყენებაზე გუშინ, 2 თებერვალს განცახდებები გააკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროპარლამენტის 2017 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებას და ქართული მხარის შეთავაზებას უვიზო მიმოსვლის შესახებ აფხაზური და ოსური მხარეებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება გუშინვე ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. აფხაზური მხარე, კერძოდ, საგარეო უწყება, ქართული მხარის შეთავაზებას აფასებს, როგორც ოფიციალური თბილისის მორიგ მცდელობას, აფხაზეთის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში ჩართოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი