ახალი ამბები

თვითმმართველობის ცენტრზე დამოკიდებული პროექტების ბედი [Video]

30 ოქტომბერი, 2012 • 1298
თვითმმართველობის ცენტრზე დამოკიდებული პროექტების ბედი [Video]

რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტის დაწყების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 თვის წინ გამოაცხადა, როდესაც პირადად ჩავიდა ადგილზე და აღნიშნა, რომ პარკის აღდგენა მან რუსთაველი პედაგოგის თხოვნის შედეგად გადაწყვიტა.

 

“თავისთავად პარკის აღდგენაში ცუდი არაფერია, თუმცა ეს არ არის ყველაზე პრიორიტეტული საკითხი რუსთავში. ისევე როგორც არავის უკითხავს ჩვენთვის აზრი, როცა მერიის წინ მდებარე მოედანი გააკეთეს და ქვეყნის ფული დახარჯეს ამაში. და ეს მაშინ, როცა ქალაქში უამრავი პრობლემაა“, – ამბობს რუსთავში მცხოვრები ნანა დანელია “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება მაშინდელმა ხელისუფლებამ 3 მილიონ ლარად შეაფასა. რუსთვაის ვიცე-მერის, გიგი ტაბატაძის თქმით, 2012 წელს პრეზიდენტის ფონდიდან ამ პროექტისთვის გამოყოფილი 800 ათასი ლარი უკვე ათვისებული და გახარჯულია, თუმცა ამ დროისთვის პარკში სამუშაოები გაჩერებულია.

 

 

გაგრძელდება თუ არა რუსთავის პარკის რეაბილიტაციის პროექტი? – ეს იმაზეა დამოკიდებული, გამოყოფს თუ არა ისევ ცენტრალური ხელისუფლება დაფინანსებას ამისთვის ახალ, 2013 წლის ბიუჯეტში. ამაზევეა დამოკიდებული რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობის ბედი, რომელიც ასევე შეჩერებულია.

 

“თუ ცენტრალური ხელისუფლებისგან არ იქნება, იძულებულები ვიქნებით, ჩვენი რესურსებიდან მოვიძიოთ ეს თანხა“, – აცხადებს რუსთავის ვიცე-მერი.

 

რუსთავის ბიუჯეტის ნახევარზე მეტს გრანტები შეადგენს – ტრანსფერები, რომელიც მას ცენტრალური ბიუჯეტიდან და ფონდებიდან ერიცხება. მაგალითად, 2011 წელს რუსთავის ბიუჯეტმა 40 მილიონზე მეტი შეადგინა, აქედან 27 მილიონამდე ლარი ტრანსფერებზე მოდიოდა. 2012 წელსაც თითქმი ანალოგიური მაჩვენებლები დაფიქსირდა: გათანაბრებითმა ტრანსფერმა შეადგინა 15 მილიონამდე ლარი, სპეციალურმა ტრანსფერმა –11 მილიონზე მეტი და მიზნობრივმა ტრანსფერმა– ნახევარი მილიონი ლარი.

 

“სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი ამბობს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ეს ტრანსფერები ისევ მათ მიერ დაგეგმილ და მოწონებულ პროექტებს ხმარდებოდა. მისი თქმით, რადგანაც ცენტრშიც და ადგილებზეც ერთი და იგივე მმართველი პარტია იყო წარმოდგენილი, ადგილებზე პოლიტიკას, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე პრეზიდენტი და მისი გუნდი მართავდა:

 

“საკრებულოები ნომინალურ ფუნქციას ასრულებდნენ, უბრალოდ, ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდათ და ხელს აწერდნენ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ცენტრში იყო მიღებული, არადა, ეს გადაწყვეტილებები მათ თვითონ უნდა მიეღოთ“, – აცხადებს კანდელაკი.

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსთავის ზოგიერთ უბანში იმ პროექტების განხორციელებაც კი შეჩერდა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებდა, როგორიცაა საცხოვრებელ კორპუსებში საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, ლიფტების აღდგენა, შიდა ეზოების და გზების კეთილმოწყობა და ა.შ.

 

მესხიშვილისა და შარტავას ქუჩების რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლები ყვებიან რომ, მათ ეზოებში ხელოსნებმა საკანალიზაციო სისტემა გამოცვალეს, რის შემდეგაც გზა უნდა დაეგოთ. თუმცა თვეზე მეტია მათთან აღარავინ მისულა. მოსახლეობას თავად მოუხდა გადათხრილი ეზოების გადასწორება.

 

 

რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ ეს პროექტები არჩევნების პერიოდში შეფერხდა, მაგრამ ეტაპობრივად ისევ გაგრძელდება ყველა უბანში, თუმცა, რა სახსრებით, ეს საკითხი ამ ეტაპზე უცნობია. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი რუსთავის მერიას საკრებულოში ჯერ არ წარუდგენია.

 

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს ამჟამად საქართველოს ახალი მთავრობა, რომლითაც ასევე უნდა განისაზღვროს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერების მოცულობა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას თქმით, 2013 წლის ტრანსფერების საკითხზე მთავრობა უკვე მუშაობს. თუმცა, მისი აზრით, არსებული მოდელის შეცვლა, ასევე, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის გადახედვა და ცვლილება ორ კვირაში ვერ მოხდება და ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. იგი ამბობს, რომ სრული რეფორმა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მომზადდეს: 

 

„2013 წლის ბიუჯეტთან ჩვენ  ცაიტნოტში ვართ. ახლა მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თვითმმართველობებს არ დააკლდეთ ფინანსები და ეტაპობრივად მოხდეს მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა. მერე უკვე რაში დახარჯავს თვითმმართველობა თავის ფულს, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი არაა. გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს“, – აცხადებს მურღულია.

 

თვითმმართველობის გამჭვირვალობის საკითხებზე მომუშავე, რუსთავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (CiDA) დირექტორი ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ თვითმმართველობა რამდენიმე წელი იყო იმ რეალობაში, როცა, ფაქტობრივად, არანაირი ადგილობრივი ფინანსური რესურსი არ ჰქონდა და იდეებისა და პროექტების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ცენტრალიზებულად ხდებოდა. მისი თქმით, მიუხედავად ახალი ხელისუფლების მიერ დეცენტრალიზაციის პროცესის მიმართ გაცხადებული მხარდაჭერისა, მისთვის ჯერ გაურკვეველია, იქნება თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება რეალურად დამოუკიდებელი.

 

„სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავ ნათელ სტრატეგიას, თუ საბოლოო ჯამში რა ტიპის თვითმმართველობისკენ მივდივართ, როგორ განხორციელდება დეცენტრალიზაცია. მხოლოდ მერებისა და გამგებლების არჩევნების თემა გადამწყვეტი არ არის, საუბარია იმაზე,  როგორ განხორციელდება, მათ შორის, ფინანსური დეცენტრალიზაცია. თუ ექნებათ ამ ადამიანებს თავიანთი მყარი ბიუჯეტი, რომელიც მათ ადგილობრივი პრობლემების მათი შეხედულებისამებრ გადაჭრაში დაეხმარება“. 

 

ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან ჯერ მხოლოდ საუბრებია მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

 

„სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ, ძნელი იქნება დასკვნების გაკეთება“, – ამბობს დევდარიანი.

 

“ეს სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს. ანუ ამ სისტემის , რაც დღეს გვაქვს, კოსმეტიკური გაკეთილშობილება არ გამოვა. ახლო პერიოდში შეიძლება რაღაც პატარა ცვლილებები შევიდეს, მაგრამ, ზოგადად, მთლიანად ახალი მიდგომაა ჩამოსაყალიბებელი“, – ამბობს “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელი კოტე კანდელაკი. 

 

ახალი მთავრობის პროგრამაში ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის და თვითმმართველობის საკითხებს ცალკე თავი აქვს დათმობილი. პროგრამაში ხაზგასმულია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობა დღეს ფაქტობრივად ფიქციაა და ყველაფერი ცენტრალური ხელისუფლებისა და მის მიერ დანიშნული გუბერნატორების მიერ წყდება“. პროგრამაში ჩამოყალიბებულია ისიც, თუ რა რეფორმების გატარებას აპირებს მთავრობა ძლიერი თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად: 

 

„თვითმმართველობებს შესაბამისი თავისი (ექსკლუზიური) უფლებამოსილება, ფინანსები და საკუთრება უნდა გადაეცეთ; მათ არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები უნდა ჰყავდეთ; მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავიანთი თემისა თუ ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში უშუალო მონაწილეობა მიიღონ; რამდენჯერმე გაიზრდება თვითმმართველობის საბიუჯეტო შემოსავლები; მოხდება ფისკალური დეცენტრალიზაცია; გუბერნატორის არსებული ინსტიტუტი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე დაფუძნებული სამხარეო ხელისუფლების  ქმედითი სისტემით შეიცვლება“.

 

რუსთავის მაცხოვრებლები კი დახმარებას ითხოვენ, რათა დროულად მოხერხდეს მათი კომუნალური პირობების გაუმჯობესება და შუა გზაში გაჩერებული პროექტების ბოლომდე განხორციელება.

 

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ქალაქში მუშაობის საშუალება ჯერ არ ჰქონია და არ იცის, რა ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თუმცა, მისი თქმით, მოკლე ხანში გაერკვევა და ჩამოყალიბდება, თუ რომელი პროექტების დაფინანსებას დაუჭიროს მხარი. რაც შეეხება ცენტრალური პარკის პროექტის გაგრძელებას, რომელიც წელს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა, ამაზე რუსთავი მაჟორიტარი დეპუტატის პასუხი ასეთია:

 

„პრეზიდენტი კი ამბობს, ოპოზიციაში გადავედიო, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტია და თუ ჩათვლის საჭიროდ, გააგრძელოს რუსთავში იმ პროექტების დაფინანსება, რასაც აფინანსებდა, ამის წინააღმდეგი ვინ წავა?!“

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი