ახალი ამბები

საია–ს განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა დაიწყოს

30 ოქტომბერი, 2012 • • 1156
საია–ს განცხადებით, ვაზაგაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიება უნდა დაიწყოს

აღნიშნული განცხადება დღეს, 30 ოქტომბერს, ზურა ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა და მისი ინტერესების დამცველმა, საია–ს იურისტმა გაგი მოსიაშილმა და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთეს. 

 

გაგი მოსიაშვილი, თამარ ჩუგოშვილი და იური ვაზაგაშვილი/ფოტო:საია–ს პრესსამსახური
გაგი მოსიაშვილი, თამარ ჩუგოშვილი და იური ვაზაგაშვილი/ფოტო:საია–ს პრესსამსახური

“2006 წლის 2 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ,,BMW”–ს მარკის ავტომობილში ჩაცხრილულ იქნენ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მითითებული პირები საყაჩაღოდ მიდიოდნენ და სპეცოპერაციაში მონაწილე შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ავტომანქანიდან პოლიციის მიმართულებით სროლა განხორციელდა. საქმეზე თავიდანვე გაჩნდა ბევრი კითხვა, რაც შსს-ს ოფიციალური ინფორმაციის მცდარობაზე მიუთითებდა. საიას ადვოკატები გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდნენ. მართალია, გამოძიება დაიწყო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, გამოძიება წარიმართა არაობიექტურად და მიკერძოებულად, რის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით”, – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

 

 

საია–ს განცხადებით,  დაცხრილულ ავტომობილში მსხდომ პირთაგან გადარჩა მხოლოდ ბონდო (ბუბა) ფუთურიძე, რომელთანაც მოგვიანებით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დღემდე ცნობილი იყო, რომ ფუთურიძემ აღიარა წარდგენილი ბრალდება. სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მათ სპეცრაზმის წარმომადგენლებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც მოხდა პოლიციელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა.

 

2012 წლის 26 ოქტომბერს ბონდო ფუთურიძემ საიას ადვოკატ გაგი მოსიაშვილს ახსნა-განმარტება მისცა, რითაც მან უარყო სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ სასამართლოში დაფიქსირებული ჩვენება ზეწოლის შედეგს წარმოადგენდა. როგორც მოსიაშვილი ამბობს, ფუთურიძემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ის და მისი მეგობრები არც საყაჩაღოდ მიდიოდნენ და არც იარაღი ჰქონიათ.

 

“მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტებზე მიუთითებენ ასევე პოლიციელთა თანამშრომლები. 23 ოქტომბერს ერთ-ერთმა პოლიციელმა დაცვის მხარის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით თავად განახორციელეს შსს-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის დაზიანება, ხოლო ექსპერტის დახმარებით ცდილობდნენ მტკიცებულებების ფალსიფიცირებას და იმ ვერსიის გამყარებას, თითქოს შსს-ს კუთვნილ ავტომანქანაზე არსებული ნატყვიარი ,,BMW”–ს მარკის ავტომობილში მსხდომ პირთა მიერ პოლიციელთა მიმართულებით სროლის კვალია”, – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

 

საია მიმართავს მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ისინი პროკურატურას წარუდგენენ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე შსს-ს ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოს ადასტურებენ და პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე მიუთითებენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი