ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე: საიდან იცის ნიკა მელიამ, რომ მოსამართლეებს ვიღაც ესაუბრა რაღაც თემაზე

3 თებერვალი, 2017 • 2290
არჩილ თალაკვაძე: საიდან იცის ნიკა მელიამ, რომ მოსამართლეებს ვიღაც ესაუბრა რაღაც თემაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

“მმართველი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი მოსამართლეებს რაიმე თემაზე საზოგადოებისგან მალულად რომ დაელაპარაკოს, ეს ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი გახდება. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრი, მაგალითად, ნიკა მელია სწორედ ამას აკეთებს. საიდან იცის, ვარაუდია, თუ რის საფუძველზე აკეთებს განცხადებს, რომ მოსამართლეებს ვიღაც ესაუბრა რაღაც თემაზე? ხომ არ აქვს თვითონ კავშირი ამ მოსამართლეებთან? ეს შეკითხვები გვიჩდნება და, იმედია, უმოკლეს დროში გაეცემა პასუხი,” – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამ  თემაზე ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიურობა სერიოზულ კითხვებს აჩენს:

“ჩვენ გვაინტერესებს, რა კომუნიკაციაში იმყოფებიან მოსამართლეებთან, რომლებიც ძალიან სენსიტიურ საქმეს განიხილავენ. აშკარაა, რომ ისინი ცდილობენ სასამართლოს სივრციდან საქმის გამოტანას და პოლიტიკურად გადაჭრას, რაც დაუშვებელია.  სახეზეა როგორც მინიმუმ სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე, უნდა დადგინდეს, არის თუ არა ავთენტური [უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ ]გავრცელებული სატელეფონო საუბარი და ამ საუბარს აქვს თუ არა კავშირი იმ ადამიანებთან, ვინც ამ საუბარში ფიგურირებენ. ეს საუბარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

არჩილ თალაკვაძის  განცხადებით, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პროკრუატურას განცხადებით 14  იანვარს მიმართეს, გაუგებარია, რატომ მაშინვე არ განაცხადეს ამის შესახებ საჯაროდ:

“ჩვენთვის გაუგებარია და კითხვის ნიშნები გვაქვს იმ საკითხზე, რომ თუ მოსამართლეებმა იანვრის შუა რიცხვების შესახებ იცოდნენ ზეწოლის შესახებ, ვინ მიუთითა ამ ადამიანებს, რომ განცხადება 2 კვირის შემდეგ, ვიზების ლიბერალიზაციის კენჭისყრის მეორე დღეს გაეკეთებინათ. ”

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეებზე ზეწოლაში სუს-ი დაადანაშაულა.

ნიკა მელიას განცხადებას სუს-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოკლებულია საფუძველს. სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვას ითხოვს. ამასთან, მიმართავს პრეზიდენტს და სთხოვს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, უშუალოდ ჩაერთოს ამ საქმეში და გამოძიებას თვალყური  მიადევნოს. უმცირესობა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრასაც გეგმავს:

მასალების გადაბეჭდვის წესი