ახალი ამბები

ქალთა კოლონიაში ქოქოლაძის გამო

30 ოქტომბერი, 2012 • 2676
ქალთა კოლონიაში ქოქოლაძის გამო

მაია ფეიქრიშვილი
მაია ფეიქრიშვილი

 

საგამოძიებო უწყება მუშაობდა ანზორ ქოქოლაძის წინააღმდეგ. ის 2010 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მე ვესწრებოდი მის აღმკვეთ ღონისძიებას. მოულოდნელად მახსენეს მეც. მოხსენიებული ვიყავი ამ კონტექსტში –  ანზორ ქოქოლაძე დანაშაულებრივი გზით დაუკავშირდა მაია ფეიქრიშვილს და დაიყოლია ყალბი დასკვნის დამზადებაზე. ორ თვეს ველოდი დაკავებას. ეს მძიმე მოლოდინი იყო.

 

 

30 სექტემბერს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტიდან მაგდა კაპანაძემ, რომელიც ქოქოლაძის საქმეს იძიებდა, დაკითხვაზე დამიბარა.

 

 

9 საათს ვიყავი დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე, სხვადასხვა ადამიანი მკითხავდა. აქტიურობდა კაპანაძე, რომელიც ქოქოლაძის ციხეში გაშვების შემდეგ დააწინაურეს. დავით გაგნიძე სასტიკ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა – მეუბნებოდა, რომ თუ ქოქოლაძეს ხელს არ დავადებდი, 3 წლით გამიშვებდა ციხეში. მე ეს არ გავაკეთე. გაგნიძე მიყვიროდა – შენ რა, ქურდობა გინდა, ძველბიჭურს აწვებიო. მისი არ მეშინოდა. ვუთხარი, რომ ერთ დროს როლები შეიცვლება და ამ თარიღს გავახსენებდი.

 

 

იყო მომენტი, რომ სხვა ოთახში გამიყვანეს და მძიმე მუსიკა ჩამირთეს, მომიჩინეს ვიღაც ქალი, რომელიც თვალს არ მაშორებდა, ტუალეტშიც კი შემომყვა. ვუთხარი, ასეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით ვერ გამტეხთ, თუ მაკავებთ – დამაკავეთ, თუ არა და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ქცევა-მეთქი. 

 

 

დამაკავეს გაყალბების მუხლით, მაგრამ თვითონ გააყალბეს დოკუმენტი: როცა მოვითხოვე ჩემი საქმე, აღმოჩნდა, რომ 4 ოქტომბერს მისული ადამიანი გამაფორმეს 30 სექტემბერს. ამის დანიშნულება ერთი შეიძლება ყოფილიყო –  1-ელ ოქტომბერს შეიცვალა საპროცესო კანონმდებლობა, ანუ ახალი პროცესით როდესაც ადამიანს ორთვიან წინასწარ პატიმრობას უფარდებ, 2 თვეში უნდა დაიწყოს სასამართლო პროცესი. ძველი პროცესით ამას 9 თვე სჭირდებოდა.

 

 

რა დოკუმენტის გაყალბებას გედავებოდნენ?

 

 

ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ეს დიდი კურიოზია –  აუდიტორული დასკვნა ჩაითვალა დოკუმენტის გაყალბებად, საქმე კი საბაზრო ფასს ეხებოდა. ქვეყანაში ფასს ახლაც მხოლოდ მარტივი გარიგება არეგულირებს, რადგან ბირჟა, საბაზრო ფასი, როგორც ასეთი, არ არსებობს.

 

 

2008 წელს, როცა „ელიტტექსტილის“ წილში შესვლას გეგმავდა ანზორ ქოქოლაძე, მთხოვა შემეფასებინა ის ქონება, რითაც ის კომპანიაში აპირებდა შესვლას. თბილისში, მეტრო ისნის მიმდებარედ 1700 კვადრატული მეტრი კომერციული ფართობი შევაფასე – ერთი კვადრატი 3000 დოლარად. ეს იყო რეალური ფასი.

 

 

ალტერნატიული ექსპერტიზა პროკურატურის გაგრძელებას – სამხარაულის ბიუროს გააკეთებინეს, ჩვენც ჩავატარეთ განმეორებით ექსპერტიზა. კერძო ექსპერტმა ჩემთან მიახლოებული ფასი დადო, სამხარაულმა – 1000 დოლარი. 

 

 

გამოძიების ვერსიით, რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს თქვენი დასკვნის შედეგად?

 

 

ქოქოლაძის პროცესზე როცა დამკითხეს როგორც მოწმე, მეც ვითხოვდი ეთქვათ, ვინ დავაზარალე. მოსამართლე საკუთარ თავს ელაპარაკებოდა – თუ მეტად შეაფასე, გადასახადი მეტი შევიდა ბიუჯეტში, ზიანი სახელმწიფოსთვის კი არა ქოქოლაძისთვის მიგიყენებიაო. ზიანი მაღალი ფასის გამო არავის მიდგომია, გარდა ქოქოლაძისა.

 

 

გამოდის, რომ ამ საქმის მიხედვით მე ნათელმხილველი უნდა ვყოფილიყავი, რომ მივმხდარიყავი, 2010 წელს ქოქოლაძის ბიზნესს მისცემდნენ თიბისის მენეჯმენტს და ის დაზარალდებოდა.

 

 

რას ითხოვდა თქვენგან გამოძიება

 

 

ქოქოლაძეზე ხელის დადებას. მე ვთქვი, რომ არ ვიზამდი ამას და ხუთი წელი ვიქნებოდი ციხეში. თანახმა ვიყავი მხოლოდ იმაზე, რომ საკუთარი თავისთვის დამებრალებინა რაღაც. მიხვდნენ, რომ ქოქოლაძეს არც ერთ შემთხვევაში ხელს არ დავადებდი, ამიტომ ერთ დღეს მითხრეს, ბრალი აღიარე და გაგიშვებთო.

 

 

პროცესზე მოსამართლე ეკა არეშიძემ მკითხა – გააყალბეთ დოკუმენტი? მე ვუპასუხე, დოკუმენტი არ გამიყალბებია, რაც დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია – ობიექტის სიზუსტე, საჯარო რეესტრის მონაცემები, ხელწერა, ბეჭედი ზუსტია. თქვენ მედავებით საბაზრო ფასზე, ქვეყანაში კი ბირჟა არ არსებობს. ასეთ ვითარებაში თუ შეიძლება გაყალბდეს ფასი, მაშინ გამიყალბებია-მეთქი. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ბრალი ვაღიარე. სინამდვილეში ფასის გაყალბება – ასეთი ტერმინი, ეკონომიკაში არ არსებობს. აღმკვეთი ღონისძიება შემიცვალეს გირაოთი, 20 ათასი ლარი გადავიხადე.

 

 

და მაინც, რატომ აირჩიეთ ეს გზა?

 

 

ადვოკატებს ვკითხე, გამართლების შანსი მქონდა თუ არა. მითხრეს, რომ შანსი იყო ნული. იგივე მითხრეს პატიმრებმაც. მეუბნებოდნენ, რომ თავს დავიღუპავდი, რადგან მაშინ გამიშვებდნენ, როცა გამართლებას ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ექნებოდა.

ორი თვე მე-5 საპყრობილეში, მატროსოვის ქალთა და არასრულწლოვანთა კოლონიაში ვიყავი. ჩემ თვალწინ გაიარა დიდმა ეტაპმა ცხოვრების, რასაც ჰქვია ციხის ცხოვრება. მე ფინანსისტი ვარ, მაგრამ როცა აღმკვეთი შემიფარდეს, ჩემთვისაც ცხადი გახდა, რომ მოსამართლე ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდა. მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ისიც კი ვერ გაარჩია, ქალი იდგა მის წინაშე თუ კაცი, მამაკაცის ბრალი წამიკითხა, რომელსაც ყაჩაღობის მუხლი ჰქონდა შეფარდებული.

 

 

ქოქოლაძის მსჯავრზე თქვენმა არაღიარებამ იქონია თუ არა გავლენა?

 

 

ქოქოლაძეს შეეცვალა პროკურორი. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქოქოლაძის საქმის დეტალებით დაინტერესდა. მეორე დღეს, მოწმედ როდესაც დამკითხეს, ერთწლიანი პატიმრობის შედეგად განადგურებული ჩემი 15 წლის მეგობარი ვნახე. ამის გამო საერთოდ დავკარგე კონტროლი, დამავიწყდა, რომ ჩემი სასამართლო ჯერ არ იყო ჩატარებული. პროცესზე ვიძახდი, ეს არაფერ შუაში, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე-მეთქი. ამის გამო ლამის მეორედ მიმაბრუნეს ციხეში.

ჩემი ჩვენების საფუძველზე პროკურორმა ქოქოლაძეს მოუხსნა წაქეზების მუხლი. მას ბრალად ედებოდა წაქეზება, გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და თაღლითობა…

 

 

აპირებთ თუ არა ჩივილს პროკურატურაში?

 

 

მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად დამსაჯეს – ორი თვე ციხეში ვიჯექი, მერე შემიფარდეს ხუთწლიანი პირობითი სასჯელი, დღეს ჩემი სტატუსია პრობაციონერი.

 

 

ვაპირებ ჩივილს, მაგრამ აღარ ვაპირებ 20 ათას ლარზე ყვირილს, რაც გირაოში გადამახდევინეს. მე მორალურად უფრო მეტად გავნადგურდი, ვიდრე ეს 20 ათასი ლარია. ეს თანხა იყოს შეწირულობა ჩემი ქალაქის გალამაზებისთვის. ნურავინ დაიბრალებს, რომ ამ ქალაქს „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. ბათუმი გააკეთეს ჩემნაირმა ადამიანებმა, ბიზნესმენებმა, რომლებსაც ბევრჯერ წაართვეს მილიონები. 

 

 

ვაპირებ ჩივილს „თიბისი ბანკის“, ანუ „ელიტელექტრონიკსის“ ახალი მენეჯმენტის და პროკურატურის წინააღმდეგ. მათი საჩივრის საფუძველზე მე უკანონოდ დამაპატიმრეს, ჩემმა ოჯახმა მიიღო ფინანსური და მორალური ზიანი, ამის დათვლა წარმოუდგენელია. ორი თვე ვირთხების და ტარაკნების ბუდეში ვიყავი. ეს იყო წამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი