ახალი ამბები

შსს-მ რუსთაველზე მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლი დააკავა

3 თებერვალი, 2017 • 3376
შსს-მ რუსთაველზე მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

“გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი”,- ნათქვამია უწყების მიერ 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვვევა თბილისში 24 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3 თებერვალს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი