ახალი ამბებისამართალი

უმცირესობა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვას ითხოვს

3 თებერვალი, 2017 • 4636
უმცირესობა მოსამართლეებზე შესაძლო  ზეწოლის საქმის გამოძიებაში პარლამენტის ჩართვას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიების პროცესში პარლამენტის ჩართვას ითხოვს. ამის შესახებ “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ დღეს, 3 თებერვალს განაცხადეს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი საქმის სრულფასოვან და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვენ:

” გუშინ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესება, მაგრამ თუ საქართველოში მედიის და სასამართლოს თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი, ნამდვილად გვერდზე დაგვრჩება ვიზებიც, ევროპაც და ნორმალური განვითარებაც. ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, ეს საქმე სრულფასოვნად გამოიძიონ გამჭვირვალე გზით. არა ისე, როგორც აქამდე პროკურატურა იძიებდა, როდესაც საზოგადოების ზეწოლით შედეგად ხდებოდა საქმის აღძვრა და არც ერთმა ჩვენგანმა იცის, როგორ გაგრძელდა და დასრულდა ამ საქმეების გამოძიება.

საპარლამენტო უმცირესობა მიმართავს პრეზიდენტს და სთხოვს, როგორც კონსტიტუციის გარანტს, უშუალოდ ჩაერთოს ამ საქმეში და გამოძიებას თვალყური მიადევნოს. უმცირესობა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრასაც გეგმავს:

” საქმის კურსში ჩავაყენებთ მათ და ვთხოვთ, რომ  უცხოელმა პარტნიორებმა ბოლომდე მიადევნონ თვალი ამ საქმეს. მოვუწოდებთ სამოქალაქო სექტორს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი შიდაპარტიული განსხვავება და ამ ფუნდამენტური თემის ირგვლივ ვითანამშრომლოთ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და საქმე ბოლომდე გამოიძიონ,” – ამბობს ბაქრაძე.

მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ასევე ითხოვს, გამოძიებაში ჩართული იყოს პარლამენტი:

“პარლამენტს მიეწოდებოდეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და სწორედ ამიტომ, ჩვენ უახლოეს მომავალში დავაყენებთ შესაბამისი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს. მთავარი ამოცანაა, ხელისუფლებას საქმის ჩაფარცხვის და მიჩუმათების საშუალება არ მივცეთ.”

გიგი უგულავას განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს არასოდეს უთქვამს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.

“ასეთი პირობებში მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ერქვას, მისი სამართლებრივი და საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია დაახლოებით ლუდხანაში ამორტყმული ჩეკის ტოლფასი იქნება. ნულოვანი იქნება ასეთი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია. მოვუწოდებ ნინო გვენეტაძეს, უზენაესი სასამართლოს თვმჯდოამრეს, გაასაჯაროოს მიმართვა, რომელიც მოსამართლეებმა მის სახელზე დაწერეს, რადგან პროკურატურის და სუსის მხრიდან ვხედავთ, რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ცდილობენ საქმის გადატანას,” – აღნიშნა უგულავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეებზე ზეწოლაში სუს-ი დაადანაშაულა.

ნიკა მელიას ნათქვამს სუს-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები მოკლებულია საფუძველს. სუს-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ელოდებიან გამოძიების დასრულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი