ახალი ამბები

საპარლამენტო ფრაქციებმა პრეზიდენტთან მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საკითხზეც ისაუბრეს

3 თებერვალი, 2017 • 3519
საპარლამენტო ფრაქციებმა პრეზიდენტთან მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საკითხზეც ისაუბრეს

დღეს, 3 თებერვალს პრეზიდენტმა მართლმსაჯულების მესამე ტალღის კანონპროექტებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლაც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე აღიძრა.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მართლმსაჯულების სხვადასხვა ტალღები და “კოსმეტიკური ცვლილებები” ფუნდამენტურად ვერ გააუმჯობესებს სასამართლოს, თუკი გაგრძელდება მოსამართლეებზე ზეწოლა.

“პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობს და დაინტერესებულია ამ თემით. დღეს სამოქალაქო საზოგადოება, ადვოკატთა ასოციაცია, საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც საქმის კურსში უნდა ჩადგეს, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, უნდა დავდგეთ ერთად. პირველად შეიქმნა ასეთი პრეცედენტი, რომ მოსამართლე ღიად აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს მოსამართლე და სასამართლო ხელისუფლება იმისგან, რომ მას პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას კვლავ სთხოვენ რუსთავი 2-ის საქმეზე,”- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ კი განაცხადა, რომ პროცესში პრეზიდენტის ჩართვა მოითხოვეს:

“განსაკუთრებული აქცენტი გავამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ ფაქტობრივად, ზეწოლა და დევნა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე და ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ პრეზიდენტი ჩარეულიყო ამ პროცესში. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არის საქმის კურსში და ეს საკითხი იქნება მისი მუდმივი ყურადღების ქვეშ,”- განაცხადა რომან გოცირიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტის შეხვედრა საპარლამენტო ფრაქციებთან

პრეზიდენტის შეხვედრა საპარლამენტო ფრაქციებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი