ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარში ღვინის ექსპორტი, რუსეთისა და უკრაინის გარდა, EU-სა და ჩინეთის ბაზარზეც გაიზარდა

3 თებერვალი, 2017 • 3883
იანვარში ღვინის ექსპორტი, რუსეთისა და უკრაინის გარდა, EU-სა და ჩინეთის ბაზარზეც გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით  აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ  მაჩვენებელზე.

„იანვრის თვეში ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ის და ტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის –  ზრდამ 2015 წელთან შედარებით 40%-ს მიაღწია”, – აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (2 861 471 ბოთლი), უკრაინა (402 858), ჩინეთი (372 440), პოლონეთი (156 302) და ყაზახეთი  (106 284).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 8 ქვეყანაში ექსპორტირებულია 896 986 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 59%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  2,25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  49% შეადგინა.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 21,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2016 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 6,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 229% შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი