ახალი ამბები

რელიგიათა საბჭო სახალხო დამცველთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს

29 ოქტომბერი, 2012 • 985
რელიგიათა საბჭო სახალხო დამცველთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს

“მართალია, ჩვენ არაკორექტულად მიგვაჩნია გამოვთქვათ  ჩვენი  მხარდაჭერა რომელიმე კონკრეტული კანდიდატისადმი, მაგრამ გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებას იმ კრიტერიუმების მიმართ, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი სახალხო დამცველი.

 სახალხო დამცველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტია და ამ  თანამდებობაზე  პოლიტიკურად, ეთნიკურად, რელიგიურად და  ნებისმიერი სხვა ნიშნით მიუკერძოებელი ფიგურა უნდა შეირჩეს. ამავდროულად, მისი ღირებულებები და საქმიანობის ვექტორი მიმართული  უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების განუხრელი დაცვისკენ.

ჩვენ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ  და მხოლოდ ტოლერანტული მრწამსისა და ღირებულებების მატარებელი და ადამიანის უფლების დაცვის მხრივ შესაბამისი კომპეტენციის მქონე კანდიდატურა შეიძლება შეარჩიოს სახალხო დამცველად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები აქტიურად თანამშრომლობდნენ წინა სახალხო დამცველებთან, სოზარ სუბართან და გიორგი ტუღუშთან:

 

“თანამშრომლობის ეს ფორმატი  საუკეთესო მაგალითი იყო რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის ურთიერთობისა. გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ თანამშრომლობისა  და სახალხო დამცველის თამამი პოზიციების შედეგად საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარების თვალსაზრისით ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა.

 ვიმედოვნებთ, რომ  სახალხო დამცველად  არჩეული იქნება ადამიანი, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა უმთავრესი სამოქმედო პრინციპია. არჩეული იქნება ისეთი კანდიდატურა, რომელიც უშიშრად  დაიცავს რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების უფლებებს;  გაიზიარებს და კიდევ უფრო მეტად განავითარებს მისი წინამორბედების გამოცდილებას – აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიათა და ეროვნულ უმცირესოებათა საბჭოებთან, რათა თავიდან იქნას არიდებული ყოველგვარი დისკრიმინაცია და  განსხვავებული მოპყრობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი